ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროსთან რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები აქციას მართავენ. დღეს მინისტრთან შეხვედრა იყო ჩანიშნული, თუმცა აღნიშნულზე მედიკოსებმა უარი თქვეს. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ სანამ კლინიკის დემონტაჟის გადაწყვეტილება არ გაუქმდება, მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.
ექიმები ამბობენ, რომ აქციები გაგრძელდება.
"არანაირი შეთავაზება არ არის, რუხის კლინიკაში გადასვლა, მე პირადად შემომთავაზეს გაზაფხულზე, მაგრამ იმდენად შეურაცხმყოფელი პირობები იყო, რომ საუბარი აღარც გამიგრძელებია. მეტსაც გეტყვით, ამ ე.წ. უპრეცედენტო კომპენსაციებში ერთ-ერთი პუნქტი არის იგივე პოზიციაზე დასაქმება, იგივე ხელფასით + 4-თვიანი კომპენსაცია და გვეუბნებიან, რომ ამ აბსოლუტურად გაურკვეველ წინადადებას უნდა დავთანხმდეთ 5 თებერვლამდე და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვეცემა ინდივიდუალური, ჩაშლილი კონტრაქტი", - ამბობს ერთ-ერთი ექიმი.
გუშინ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა აქცია გამართეს კლინიკის შესასვლელთანაც.
შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დანგრევის და მის ბაზაზე ახალი კლინიკის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. მედპერსონალის ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ახალი საავადმყოფოს აშენების საკითხს. ისინი შიშობენ, რომ შესაძლებელია, ეს ტერიტორია სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ. იხილეთ: