წყნეთის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი და მისი ყოფილი მოადგილე, ამირან ნაჭყებია სასამართლომ დღეს პატიმრობაში დატოვა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ პოლიციის ყოფილმა უფროსმა მოქალაქე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ნარკოდამოკიდებულებაში დაადანაშაულა, ემუქრებოდა და ქრთამის სახით 3500 დოლარი გამოსძალა. მისმა მოადგილემ ამირან ნაჭყებიამ კი იგივე მოქალაქის სახლში - ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უკანონო ჩხრეკა ჩაატარა. სასამართლო სხდომა დღეს ხმაურიანი იყო, მოსამართლემ დარბაზიდან პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გააძევა.
გაძევებამდე ბრალდებულმა პოლიციელმა წინასწარ მომზადებული განცხადების ნაწილი მაინც გააკეთა. დიმიტრი ქვაჭრელიშვილი სხდომათა დარბაზში ამტკიცებდა, რომ პროკურატურას მისთვის წარდგენილი ბრალდების დამტკიცება გაუჭირდება, რადგან საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. პოლიციის პოლკოვნიკისთვის საეჭვოა გამოძიების მთავარი მოწმის სანდოობაც. საქმის მასალებით წყნეთის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძიება რუსეთის მოქალაქის ჩვენების საფუძველზეა დაწყებული, ქვაჭრელიშვილის ინფორმაციით კი მთავარი მოწმის მიმართ არაერთი ეჭვი და რამდენიმე ქვეყნის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არსებობს.
მთავარ მოწმეზე ბრალდებულის მოსაზრებას სრულად იზიარებს მისი უფლებადამცველი. კახა ცნობილაძე ამტკიცებს რომ რუსეთის მოქალაქემ ქართველი პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა, პროკურატურამ კი მისი ჩვენება ისე გაიზიარა დაკავებულებთან არ გადაუმოწმებიათ. ადვოკატი არ გამორიცხავს რომ გამოცდილი პოლიციელის წინააღმდეგ მიზანმიმართული დევნა მიმდინარეობდეს.
პროკურატურა კი ამტკიცებს წყნეთის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ყველა საჭირო მტკიცებულება აქვთ. საქმის პროკურორის ინფორმაციით არსებობს დადასტურებული ფაქტი იმის შესახებ თუ როგორ დაადანაშაულა წყნეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა რუსეთის მოქალაქე ნარკოდამოკიდებულებაში. როგორ დაიწყო მის წინააღმდეგ მოჩვენებითი გამოძიება და დაპატიმრების მუქარითა და ფსიქოლოგიური ძალადობის გზით როგორ გამოსძალა 3500 აშშ დოლარი.
საქმეში პოლიციის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი ამირან ნაჭყებია ფიგურირებს, რომელიც დღეს სხდომას არ დასწრებია. პროკურატურა მას თაღლითობასა და სხვისი ნივთის დაუფლებას ედავა. სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით წყნეთის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე რუსეთის მოქალაქის საცხოვრებელ სახლში მაშინ მივიდა, როდესაც ქვაჭრელიშვილის დაკავებული პირი წყნეთის განყოფილებაში ჰყავდათ. მან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩაატარა უკანონო ჩხრეკა და მისაკუთრების მიზნით, რუსეთის მოქალაქისა და მასთან ერთად მცხოვრები სხვა პირის კუთვნილი პირადი ნივთები ამოიღო.
ნაჭყებიას ადვოკატი ბრალს არ ეთანხმება და ამბობს, რომ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩატარება აუცილებლობას წარმოადგენდა, რის გამოც სამართალდამცველს შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტი არ ჰქონდა. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ამოღებული ნივთები დალუქა და დალუქულ მდგომარეობაში მიიტანა პოლიციის განყოფილებაში.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესს დღეს არც ნაჭყებიას ოჯახის წევრები დასწრებიან. თუმცა დაპატიმრებული პოლიციელის ნათესავები ირწმუნებიან რომ წარდგენილი ბრალის საბოლოო დადასტურება ვერ მოხდება, ოჯახის წევრები მიზანმიმართულ დევნაზე საუბრობენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და წყნეთის პოლიციის ყოფილ უფროსს,დიმიტრი ქვაჭრელიშვილსა და მის ყოფილ მოადგილეს, ამირან ნაჭყებიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ცნობისთვის, დიმიტრი ქვაჭრელიშვილის სახელი ფიგურირებს რამდენიმე წლის წინ, გუდიაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში.
2022 წელს, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს დეტექტივის, ერიკ წურწუმიას მიერ გასროლილ ტყვიას 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქმის მასალებით დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ერიკ წურწუმიასთან ერთად იმყოფებოდა.