
31 იანვრის ღამეს, სანქტ-პეტერბურგში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დრონი ჩამოვარდა, ამ ოპერაციის უკან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო დგას - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სპეცსამსახურების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, რუსებმა დრონის ჩამოგდება მათ არსენალში არსებული ყველაზე ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემიდან, S-400 კომპლექსიდან სცადეს, თუმცა საფრენი აპარატი მაინც დაეცა ქარხნის ტერიტორიაზე. არსებული ინფორმაციით, დაზიანდა რამდენიმე ტანკი და მანქანა. ქარხნის ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარიც, თუმცა ის მალევე ჩააქრეს.
სანქტ-პეტერბურგის სამრეწველო ობიექტზე მიტანილ სავარაუდო იერიშს გუბერნატორის ადმინისტრაციაში "ინციდენტს" უწოდებენ და ამბობენ, რომ არავინ დაშავებულა და არც ქონება დაზიანებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს ღამით, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სხვა რეგიონზე - ფსკოვზე გაავრცელა.