
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი EU-ს მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის დამტკიცებას ეხმაურება.
ზელენსკი მადლობას უხდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს.
მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ გადაწყვეტილება EU-ს 27-ვე ქვეყანამ ერთხმად მიიღო, რაც ევროკავშირის ძლიერ ერთიანობას აჩვენებს.
"მადლობელი ვარ შარლ მიშელის და ევროკავშირის ლიდერების, 2024-2027 წლის მანძილზე, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება 27-ვე ქვეყანამ ერთხმად მიიღო, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროკავშირის ერთობას.
უკრაინისთვის ევროკავშირის განგრძობადი ფინანსური მხარდაჭერა გრძელ ვადაში გააძლიერებს ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას, რომელიც სამხედრო დახმარებაზე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის, დღეს EU-მ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ პაკეტს მხარი გაერთიანების წევრი 27-ვე ქვეყნის ლიდერმა, მათ შორის უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმაც დაუჭირა.