სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სამართალდამცავებმა საკუთარ სახლში დააკავეს. ისინი ადგილზე მოსამართლის ხელმოწერილი ოქმით მივიდნენ.
აქტივისტს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ფერაძე დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
"ვერ დამაშინებენ და არც ვნანობ, სტალინს რომ ვესროლე და კიდევ ვესვრი თუ საჭირო გახდა, ეს არ იყო ეკლესიაზე შეტევა, ეს იყო სტალინზე შეტევა, პუტინზე შეტევა. ეს არის იმათთვის საჩუქარი, იმ ორკებისთვის, ვინც აქ მომადგნენ, რომ აი ფერაძე ჩავსვით და ჩამსვან", - თქვა ნატა ფერაძემ.
საქმე ეხება იმ ხატისთვის საღებავის შესხმას, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული. რუსი წმინდანის, მატრონას ხატი სამების ტაძარში იყო განთავსებული. ფაქტის ამსახველი კადრების სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო. ფერაძე პოლიციამ გამოკითხა. რამდენიმე დღეში ნატა ფერაძის სახლთან პრორუსული რადიკალური დაჯგუფების წევრები მივიდნენ და მის დასჯას ითხოვდნენ.