თბილისის მერიამ შეიმუშავა იმ ადგილების ნუსხა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნოდ პლაკატების გაკვრის შესაძლებლობა ექნებათ. ინფორმაცია დედაქალაქის მერმა დღევანდელ სხდომაზე გაავრცელა.
დოკუმენტში მოცემულია ადგილები, თუ სად არის შესაძლებელი საარჩევნო პლაკატების გაკვრა. მინდა მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, იხელმძღვანელონ იმ ადგილებით, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, განათავსონ საარჩევნო პლაკატები და არა ისე, როგორც წინა წლების განმავლობაში ხდებოდა, სადაც მოესურვებოდათ, - განმარტა კახა კალაძემ.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მერიას არ სურს პოლიტიკური პარტიები დააჯარიმოს, თუმცა, თუ კანონს დაარღვევენ, შესაბამის ზომებს მიიღებენ.
ჩვენ რა თქმა უნდა, არანაირი სურვილი არ გვაქვს იმის, რომ პოლიტიკური პარტიები ვაჯარიმოთ, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს კანონს მოგვიწევს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნოდ, პლაკატების გაკვრის გამო, უკვე დაჯარიმდნენ "ევროპული საქართველოს", "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "გირჩის" წარმომადგენლები.
ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელისუფლება ადმინისტრაციული კოდექსის 150(2)-ე მუხლით აჯარიმებს:
მუხლი 150(2). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
- იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
- ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
- ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
- ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
- ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
ყურადსაღებია, რომ ამ მუხლში არსადაა ნახსენები დროებითი სამშენებლო კონსტრუქცია და სამშენებლო ღობე. თუმცა,როგორც ჩანს, “ოცნება” ჯარიმებს საკუთარი შეხედულებისამებრ მაინც აფორმებს.