"ევროპული საქართველო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი" - "ოცნება" ოპონენტებს საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო აჯარიმებს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება წინასაარჩევნოდ, ოპოზიციური პარტიების შევიწროებას განაგრძობს. ბოლო დღეებში, ქუჩებში საარჩევნო პლაკატების გაკვრისა და სტენსილების დახატვის გამო, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები არაერთხელ დააჯარიმეს. 

ბოლოს ასე წუხელ მოხდა - "გირჩის" წევრი მირიან ბეჟიტაშვილი 1000 ლარით დააჯარიმეს.

მიზეზად ბეჟიტაშვილს უთხრეს, რომ სტენსილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ხატავდა, რაც კანონით აკრძალულია. თუმცა, დაჯარიმებული ბეჟიტაშვილი გვიყვება, რომ საარჩევნო სტენსილი არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, არამედ რუსთაველის თეატრთან შემოვლებულ სამშენებლო, ხის ღობეზე დახატა. 

"გირჩის" წევრი ამ ჯარიმის არც გადახდას და არც გასაჩივრებას აპირებს: "ეს ჯარიმა უსამართლოა და ემსახურება პოლიტიკური აქტივობების ხელის შეშლას და ადამიანების დაშინებას. კალაძის ხელით პოლიციის მიერ გამოწერილ ჯარიმას, რა თქმა უნდა, არ გადავიხდი". 

პლაკატების გაკვრის დროს მხარდამჭერების შევიწროებასა და დაშინებაზე საუბრობენ "სტრატეგია აღმაშენებელშიც".

პარტიაში ამბობენ, რომ ბოლო სამი ღამეა, პლაკატების გასაკრავად გლდანის, ისნისა და მთაწმინდის რაიონებში გასულ მათ წარმომადგენლებს, პოლიცია და მერიის მუნიციპალური ინსპექცია აჩერებს და დაჯარიმებას ცდილობს, მაგრამ  იმის გამო, რომ აქტივისტები მათ სახელსა და გვარს არ ეუბნებიან, სამართალდამცველები ჯარიმებს "სტრატეგია აღმაშენებლის" სახელზე აფორმებენ. 

პარტიის ინფორმაციითვე, ასეთი უკვე ათობით ჯარიმა გამოიწერა, თუმცა, მათივე თქმით, საჯარიმო ოქმები ამ დრომდე არ ჩაბარებიათ. “გირჩისგან” განსხვავებით "სტრატეგია აღმაშენებელი" ჯარიმების გასაჩივრებას გეგმავს. 

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოწერილი 23 ჯარიმა კი უკვე გაასაჩივრა ევროპულმა საქართველომ. როგორც ოპოზიციურ პარტიაში "მთავართან" საუბრისას ამბობენ, საჩივრის შეტანის შემდეგ, 26 აგვისტოს, მერიაში ზეპირი სხდომა გაიმართა, სადაც პოზიციები ორივე მხარემ - დამჯარიმებელმაც და დაჯარიმებულმაც - დააფიქსირეს.

გაუუქმებენ თუ არა პარტიის წევრებსა და აქტივისტებს ჯარიმებს, მერიას ამ  გადაწყვეტილებისთვის ერთთვიანი ვადა აქვს. 

შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" ლიდერები გიგი უგულავა, სერგი კაპანაძე, ხათუნა გოგორიშვილლი და ირაკლი აბესაძე 12 აგვისტოს, პარტიის საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო დააჯარიმეს. მაშინ ინსპექციის სამსახურში ამბობდნენ რომ პარრტიის ლიდერები "ქალაქის იერსახეს ამახინჯებდნენ".

ცნობისთვის, გიგი უგულავა და მისი თანაპარტიელები პლაკატებს სამშენებლო ღობეზე, იუსტიციის სამინისტროს მოპირდაპირე მხარეს აკრავდნენ. 

მანამდე, 7 აგვისტოს, ამავე პარტიის წინასაარჩევნო პლაკატები ჩამოხიეს. ამის შემდეგ კი თბილისში პარტიის რამდენიმე აქტივისტი დააჯარიმეს. 

"ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ თბილისის გარდა, მათი აქტივისტები დაჯარიმდნენ ბაღდათსა და ახალციხეში. პარტია ამ ჯარიმების  გასაჩივრებასაც გეგმავენ. ცნობილია,  რომ მათი ყველა აქტივისტიც და წევრიც 200-დან 1000 ლარამდე დაჯარიმდა. 

ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელისუფლება ადმინისტრაციული კოდექსის 150(2)-ე მუხლით აჯარიმებს: 

მუხლი 150​(2). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება 

  1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
  2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
  3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
  4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
  5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
  6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
  7. ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 

ყურადსაღებია, რომ ამ მუხლში არსადაა ნახსენები დროებითი სამშენებლო კონსტრუქცია და სამშენებლო ღობე. თუმცა,როგორც ჩანს,  “ოცნება” ჯარიმებს საკუთარი შეხედულებისამებრ მაინც აფორმებს.  

 

 

ავტორი: მარია გეგეჭკორი

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი