"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ნატა ფერაძის დაკავების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. როგორც ფერაძის ადვოკატი ჯუბა ქათამაძე ამბობს, საჩივრის დასაშვებობა 24 საათში უნდა გადაწყდეს.
ქათამაძე ასევე აღნიშნავს, რომ მოსამართლემ დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, როცა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა:
"სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენი მოსაზრებით არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რადგან მოსამართლეს არ დაუსაბუთებია როგორც სამართალდარღვევის ფაქტი. ფაქტთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციაზე არ უმსჯელია მოსამართლეს, არანაირი არგუმენტაცია არ მოუყვანია მოსამართლეს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გამოიტანა პატიმრობა და არ გამოიყენა ჯარიმა. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს ნატა ფერაძეს და გავასაჩივრეთ გუშინ გადაწყვეტილება, გუშინ საღამოს შევიტანეთ სააპელაციო საჩივარი და 24 საათში უნდა გადაწყდეს დასაშვებობის ნაწილი და დასაშვებობის გადაწყვეტის შემთხვევაში უკვე პროცესი ჩაინიშნება 48 საათში. მოლოდინი გვაქვს, რომ საერთოდ ნატა ფერაძე არ იქნება ცნობილი სამართალდამრღვევად, შეწყდება მის წინააღმდეგ აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოება. ვინაიდან, ვფიქრობთ, რომ მისი მხრიდან არ მომხდარა წვრილმანი ხულიგნობის ჩადენა, ასევე არ მომხდარა მისი მხრიდან სამების ტაძარში ყვირილი, რასაც ერთადერთი მოწმის გარდა არავინ არ ადასტურებს," - ამბობს ქათამაძე.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სამართალდამცავებმა საკუთარ სახლში გუშინ, 2 თებერვალს, დააკავეს და დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
საქმე ეხება იმ ხატისთვის საღებავის შესხმას, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული. რუსი წმინდანის, მატრონას ხატი სამების ტაძარში იყო განთავსებული. ფაქტის ამსახველი კადრების სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო. ფერაძე პოლიციამ გამოკითხა. რამდენიმე დღეში ნატა ფერაძის სახლთან პრორუსული რადიკალური დაჯგუფების წევრები მივიდნენ და მის დასჯას ითხოვდნენ.
ასევე ნახეთ: