ექსკლუზივი: ქარელის პოლიციის უფროსსა და მის მოადგილეს ესროლეს

გამოქვეყნდა:

ექსკლუზივი შიდა ქართლიდან - ქარელის პოლიციის უფროსს ილია სააკაშვილს და მის მოადგილეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამბავს პოლიციის უფროსი თავადვე ადასტურებს. შსს პოლიციის მაღალჩინოსნებზე თავდასხმას მალავდა, თუმცა დეტალები "მთავარმა არხმა" გაარკვია.

"ყველაფერი ძალიან კარგად არის. კი მატყობთ ნორმალურად ვარ, ჯიგრულად. ყველაფერი დევს საგამოძიებო საქმეში ..გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფერს ვერ გეტყვით. ყველანი გადავრჩით, კარგად ვართ, ჯანმრთელად."  ამბობს პოლიციის უფროსი "მთავარ არხთან"

მისივე თქმით, ბრალდებული, 1990 წელს დაბადებული ავთანდილ ბარბაქაძე დაკავებულია, ცეცხლსასროლი იარაღი კი, რომლიდანაც მათ ცეცხლი გაუხსნეს, ამოღებული. 

შსს-მ სამი დღის წინ მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება სსკ-ის სამი მუხლით დაიწყო - პოლიციელებზე თავდასხმა, იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა- გამოყენება და სიცოცხლის ხელყოფით მუქარა.

დაკავებულს ბრალი უკვე წარედგინა და გორის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა. ჩვენი ინფორმაციით, ბარბაქაძეს ადვოკატის მომსახურებით არ უსარგებლია და უცნობია, აღიარებს თუ არა დანაშაულს.

"მთავარი არხი" დაკავებულის სახლშიც იმყოფებოდა, თუმცა ოჯახის წევრები ადგილზე არ დაგვხვდნენ. როგორც მეზობლები ამბობენ, შელაპარაკება ბარბაქაძეს ჯერ მეგობართან მოუვიდა, რის შემდეგაც გაისროლა. ამის შემდეგ ადგილზე პოლიცია მივიდა და ბარბაქაძემ მათი მისამართითაც გახსნა ცეცხლი, თუმცა სამართალდამცველებმა ბარბაქაძის განიარაღება და დაკავება ადგილზე შეძლეს.

  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი