პროკურატურაში ქოლ-ცენტრების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი მოქალაქე, 30 წლამდე ქალი 3 საათის განმავლობაში იკითხებოდა. მისი ვინაობა უცნობია. ის საგამოძიებო უწყებას არ დაუკავებია.
პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, ადვოკატმა განაცხადა, რომ გამოძიება მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 2 მუხლით - თაღლითობისა და ფულის გათეთრების მუხლებით დაიწყო. ბრალდებული ქალი ბრალს არ აღიარებს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ არ იცნობს საქმის მასალებს , თვითონაც ცოტა გაოგნებულია, საქმის მასალები არის ძალიან ბევრი, რომელიც ცოტა ხანში გადმოგვეცემა, გავეცნობით, გაეცნობა თვითონ და მოგვიანებით მოგახსენებთ პოზიციას. თავად ამბობს, რომ არანაირი შემხებლობა ქოლ ცენტრებთან არ აქვს. როგორც თვითონ ამბობს, გამოძიება შეცდომაშია შეყვანილი. " ამბობს ადვოკატი ირმა ჭკადუა.
გამოკითხვები პროკურატურაში დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკავებულია ყოფილი პოლიციელი იოსებ მჭედლიშვილი, რომელიც ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის ჭიკაიძის ნდობით აღჭურვილი პირია. ცნობილია რომ მჭედლიშვილი იმ კომპანიებს მართავს, სადაც ფინანსურმა პოლიციამ სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად ჩხრეკა და სპეცოპერაცია 2 დღის წინ ჩაატარა. საქმეზე გამოძიება ფულის გათეთრებისა და თაღლითობის მუხლებით მიმდინარეობს.