
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა.
როგორც Timeofisrael წერს, შოლცმა ნეთანიაჰუსთან საუბარში აღნიშნა, რომ პალესტინასთან ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტილება ერთადერთი გზაა რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისთვის.
"მთავრობის აზრით, მხოლოდ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მისცემს პერსპექტივას მდგრად გამოსავალს ახლო აღმოსავლეთში. ეს უნდა ეხებოდეს ღაზასაც და დასავლეთ სანაპიროსაც", - განაცხადა შოლცმა საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.