"ხელშეკრულება ხალხთან" - "ევროპული საქართველოს" საარჩევნო სტრატეგია

გამოქვეყნდა:

„შენი კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისთვის“ - სწორედ ეს იქნება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სლოგანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. პარტიის ლიდერებმა ფოთში ამომრჩეველს საარჩევნო სლოგანთან ერთად, ეკონომიკური გეგმა წარუდგინეს, რომელიც ყველა სოციალურ ჯგუფს მოიცავს.

გაორმაგდება როგორც პენსიები, ასევე სოციალური და დევნილებისთვის გამოყოფილი დახმარებები. იგეგმება ბიუროკრატიული ხარჯების 2 მილიარდით შემცირებაც - „ევროპული საქართველო“ მოსახლეობასთან ხელშეკრულებას დებს და ყველა აღებული ვალდებულების შესრულებას გეგმავს. ამბობენ, რომ გადასახადების შემცირების ფონზე 100 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება და ყველა სოციალური ჯგუფის მდგომარეობა გაუმჯობესდება. მოქალაქეები, სურვილის შემთხვევაში, დაიბრუნებენ საპენსიო ანაბრებსაც. იღებენ იმის ვალდებულებასაც, რომ იმას, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ვერ მოგვარდა, ისინი გაუმკლავდებიან - სოფლებში გაზისა და წყლის პრობლემა აღარ იქნება, დაიგება გზებიც.

მთავრობა რომ ხალხზე არ ზრუნავს და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სურვილების შესრულებაზეა ორიენტირებული, ამაზე გიგა ბოკერიამ ისაუბრა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ხელისუფლება პრობლემების მოგვარების ნაცვლად, საზოგადოების ორ პოლუსად გაყოფითაა დაკავებული.

მძიმე კრიმინოგენული სურათი უნდა შეიცვალოს და ქუჩებში გადაადგილება უსაფრთხო გახდეს - ეკონომიკური პრობლემების გარდა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების გატარების საჭიროებაზეც ისაუბრეს. გიგი უგულავას თქმით, მართლმსაჯულება საზოგადოების ხელში უნდა გადავიდეს.

"ევროპული საქართველო" ამომრჩეველს პირდება, რომ ყველა ვალდებულებას, რომელსაც მათ წინაშე აიღებენ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აუცილებლად განახორციელებენ.

 

ავტორი: ნინო ღვედაშვილი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი