ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ რომეო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან მოხსნეს. ინფორმაცია "მთავარ არხს" ლევან დავითაშვილის ერთ-ერთმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ დაუდასტურა. ენუქიძის თქმით, მინისტრის პირველი მოადგილის უფლებამოსილებას ახლა ის თავად ასრულებს - "დიახ, შემიძლია დაგიდასტუროთ, გუშინ შევუდექი მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობას" - თქვა ენუქიძემ "მთავართან" სატელეფონო საუბარში.
ენუქიძის ინფორმაციით, მიქაუტაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
"მთავარი არხის წყაროს" ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე სუს-ში გამოკითხვაზე უკვე რამდენჯერმე ჰყავდათ მიყვანილი.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ანტიკორუფციულ დეპარტამენტს კითხვები მიქაუტაძის დაუსაბუთებელ ქონებასა და მის შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე აქვს. მიქაუტაძე არ მალავს რომ მილიონერია, მაგრამ ამტკიცებს რომ მის ოჯახს მსხვილი ბიზნესი და სოლიდური შემოსავალი ჰქონდა და რომ საჯარო სამსახურში ის არ გამდიდრებულა...
წყარო გვიყვება, რომ სუს-ის ანტიკორუფციული ბიურო "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის “ დირექტორის, რომეო მიქაუტაძის ახლო მეგობრისა და ბიზნესპარტნიორის გიორგი გიგინეიშვილის საქმიანობითაც დაინტერესდა. გიგინეიშვილი თანამდებობაზე სწორედ მიქაუტაძემ დანიშნა.
გიორგი გიგინეიშვილის ბიზნესინტერესები პარლამენტის დეპუტატ ფრიდონ ინჯიასა და მის ოჯახთან იკვეთება. წყაროს ინფორმაციით, 2016 წელს მათ საქართველოს მთავრობამ რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწის ნაკვეთი პირდაპირი შესყიდვის გზით გადასცა. საუბარია, ორთაჭალაში ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომის ტერიტორიაზე. თავდაპირველად გიგინეიშვილსა და ინჯიას ჰქონდათ ვალდებულება, ადგილზე სასტუმრო აეშენებინათ, თუმცა პირობა ორჯერ დაარღვიეს, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კი ბიზნესმენებს ჯარიმები დაეკისრათ.
წლების განმავლობაში ამ ჯარიმების რაოდენობამ 7 მლნს მიაღწია, თუმცა მილიონობით ლარი ბიზნესმენებს მთავრობამ აპატია. წყარო გვიყვება,რომ რთულ სიტუაციაში მაშველ რგოლად ბიზნესმენებს ყოფილი პრემიერი მოევლინათ და მათ 7 მლნის ვალდებულება ჩამოაწერა. სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში კი, ღარიბაშვილთან შუამავალი სავარაუდოდ სწორედ რომეო მიქაუტაძე იყო, რადგან ყოფილი პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მეუღლეები ბავშვობის მეგობრები არიან. "მთავარი არხისთვის" ცნობილია იმ ბრძანების ნომერიც, რომლითაც ღარიბაშვილმა ჩინოვნიკებს მილიონობით ლარი ჩამოაწერა, თუმცა პრემიერის განკარგულებები თითქმის 2 წელია საჯარო აღარაა.
შეგახსენებთ, რომეო მიქაუტაძის გარშემო ბოლო სკანდალი მისი ცოლის 100 000 ლარიანი დაბადების დღე იყო. ამ დღისთვის მაღალჩინოსანმა მომღერლები უცხოეთიდან ჩამოიყვანა.
ავტორი: დავით კობიძე