შინაგან საქმეთა სამინისტროში ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" გამოკითხვა დასრულდა. ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.
ბილანიშვილის მტკიცებით, იგი უწყებაში საჯარიმოდან მანქანის გასაყვანად იმყოფებოდა. მისი უწყებადამცველი კი ამბობს, რომ "კაწრო" შსს-ში ექსკურსიაზე იყო და მისი დაბარება გიორგი შაქარაშვილის საქმესთან კავშირში არაა.
პირად საქმეზე ვიყავით. ჩათვალეთ, ექსკურსიაზე ვიყავით, - ამბობს ბილანიშვილის ადვოკატი თამარ აბესაძე.
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე კი მიიჩნევს, რომ ბილანიშვილს საქმესთან შემხებლობა არ აქვს და მისი დაბარების მიზანი გაურკვეველია.
ამ ადამიანს საერთოდ არ აქვს შეხება აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც ჩანს, უკვე მეორედ იბარებენ და ეს ცოტა დამაფიქრებელია. ყოველ შემთხვევაში, მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და ვნახოთ, რა ინფორმაციას მიაწვდის ის საგამოძიებო უწყებას. პირველ ეტაპზე მან განაცხადა, რომ არანაირი შემხებლობა არ აქვს აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც ჩანს, მეორედ დასჭირდა საგამოძიებო უწყებას მისი დაბარება, - ამბობს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.
ბილანიშვილი გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში უკვე მეოთხედ დაიბარეს. პირველად იგი 8 ივლისს დაიბარეს, როდესაც ირწმუნებოდა, რომ დიღმის ტრასაზე, სათვალთვალო კამერებით გადაღებულ კადრებში ის არ ფიგურირებდა და არც გიორგი შაქარაშვილის საქმესთან ჰქონია შემხებლობა.
მოგვიანებით, 14 ივლისს, კაწროს მეუღლემ, ნათია რუხაიამ, ბილანიშვილის ნაცვლად, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ქარტიაში უჩივლა, რის შემდეგაც, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გადაწყვიტა, რომ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე) დაარღვია.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგიშაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული.