"მე არ გახლავართ ანტიკორუფციული ბიუროს მრჩეველი... მე ვიყავი კონკრეტულ პერიოდში კონკრეტული შეხვედრების ორგანიზატორი", - ამის შესახებ კომპანია Native Georgian-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ვასილ ბაბლუანი "მთავარ არხთან" საუბრობს და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა მრჩევლად "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებსა და უჩა მამაცაშვილის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნესმენი, ასევე, მმართველი პარტიის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის დონორი, ვასილ ბაბლუანი, ანუ თავად ის დანიშნა.
მე არ გახლავართ ანტიკორუფციული ბიუროს მრჩეველი. მე ვიყავი კონკრეტულ პერიოდში კონკრეტული შეხვედრების ორგანიზატორი და, ამ შემთხვევაში, თარჯიმანიც კი. ეს ერთჯერადი ხელშეკრულება დამთავრდა და ჩვენი ეს საქმიანი ურთიერთობა/თანამშრომლობაც დამთავრდა. ეგ იყო და ეგ. კრიტერიუმებზე ან რაღაც შერჩევით პირობებზე საუბარი ზედმეტია, ხელფასიც კი სიმბოლური იყო. ჩემი მიმართულება იყო საინვესტიციო ნაწილი მხოლოდ და მხოლოდ. რაც შეიძლება პოზიტივი მოეტანა იმ პროექტებისთვის, რაც დაწყებული მაქვს საქართველოში. ეგ იყო და ეგ... მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო მთავარი, მხოლოდ და მხოლოდ იმ კონკრეტულ შემთხვევაში იყო გამოყენებული პოზიტიური ურთიერთობები ჩემი უკვე მრავალწლოვანი ესპანურ საზოგადოებასთან, მათ შორის, სახელმწიფო თუ კერძო სექტორებში, - ამბობს ბაბლუანი.