ქართულმა მხარემ ერგნეთის შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელის "პროკურორად" შესაძლო დანიშვნა გააპროტესტა - სუს-ის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი მოსახლეობას აწუხებს და, შესაბამისად, მათ გააპროტესტეს წითელი ცირკულარით ძებნილი დავით გურწიევის შესაძლო პროკურორად დანიშვნა.
თუმცა, ანთაძეს არ აქვს პოზიტიური მოლოდინები, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ პროტესტს გაითვალისწინებენ, რადგან შეხვედრაზე მათი კონკრეტული პოზიცია არ დაფიქსირებულა.
აღინიშნა, რომ ეს პირი არის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დამნაშავე, რომელიც მსჯავრდებულია ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ეს არის სერიოზული რისკი უსაფრთხოების გარემოსათვის. ვიმედოვნებთ, რომ გამოიჩენენ კეთილგონიერებას და ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოებას არ შეექმნება არანაირი საფრთხე... მათ შეიკავეს დამატებითი დეტალების გაზიარებისგან თავი, რეაქცია იყო ფორმალური მხოლოდ, - ამბობს ანთაძე.
შეგახსენებთ, რომ წითელი ცირკულარით ძებნილი დავით გურწიევი, დროებით ოკუპირებული ახალგორის "პროკურორი" ხდება. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ის დაუსწრებლად გაასამართლა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. გურწიევი ფიგურირებს სხვა გახმაურებულ საქმეებშიც. მათ შორის, დავით ბაშარულის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებისა და ცხინვალის ციხეში, პატიმრების წამების საქმეში.
გურწიევის ე.წ. პროკურორად დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ცნობებს საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე არ გამოხმაურებია.