ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მძიმე დანაშაულში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ გურიაში მომხდარ სექსუალური ძალადობის ფაქტს. გამოძიება ახალგაზრდა კაცს არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავება, ოჯახი და ადვოკატები კი ირწმუნებიან, რომ საქმე შეკერილია. მათი თქმით, მამაკაცი ადრეც ნასამართლევი იყო, გათავისუფლების შემდეგ პოლიცია მას ქვეყნის დატოვებას სთხოვდა, თუმცა ის არსად წავიდა, რის გამოც, ოჯახის მტკიცებით, პოლიციამ მუქარა სისრულეში მოიყვანა.
დაკავებულის ოჯახის წევრები და ახლობლები პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში შეიკრიბნენ და აქციები დააანონსეს. "ბექა ტყუილის მსხვერპლია", "ვითხოვთ სამართლიან გამოძიებას", - წერია დაკავებულის ახლობლების ტრანსფარანტებზე.
"ბექა არის უკანონო პატიმარი და ვაპროტესტებთ მაგას, იმიტომ რომ ბევრჯერ დაურეკეს, გააფრთხილეს, რომ დაეტოვებინა ქვეყანა... [დაურეკა], სავარაუდოდ, პოლიციამ. გამოსვლიდან მალევე დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ დაეტოვებინა ქვეყანა. შეთითხნილია ყველაფერი და სწამებენ ცილს", - ამბობს დაკავებულის ახლობელი.