"მე ჟურნალისტი ვარ და არა ვინმეს ლობისტი... ფაქტია, რომ ივანიშვილი დაკავშირებულია რუსეთის მთავრობასთან", - ამის შესახებ ჟურნალისტი რეჟის ჟენტე საუბრობს. ის მიუნხენის კონფერენციის ყოველწლიურ ანგარიშს ეხმაურება, სადაც ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული და წერია, რომ პასუხისმგებლობა ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე სწორედ მას ეკისრება.
ამით ის "ქართული ოცნების" წევრების ბრალდებებს ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ზარქუამ დღეს მიუნხენის კონფერენციის ჩანაწერი "გაშიფრა" და ლობისტების კვალი დაინახა. საუბარია ივანიშვილის პრორუს ოლიგარქად მოხსენიებაზე. ზარქუას დასკვნით, ჩანაწერი "მთავარი არხის" თანამშრომლის ქმრის ავტორობით გაკეთდა.
"მე ჟურნალისტი ვარ და არა ვინმეს ლობისტი. მე საქართველოში ვარ 22 წელია და უბრალოდ ვცდილობდი იმის ახსნას, თუ რა ხდება სააკაშვილის გარშემო. არანაირი კონტაქტები არ მაქვს და არასდროს ვყოფილვარ მიუნხენის კონფერენციაზე. ეს სტატია კი, რომელიც საგარეო ურთიერთობები ევროპული საბჭოსთვის დავწერე ერთი წლის წინ გამოქვეყნდა და მასში აღწერილია რა ხდება საქართველოში.
ყოველთვის ვცდილობ, სტატიაში ფაქტები მოვიყვანო. საქართველოს მოსახლეობის 85%-ს კი სურს ევროკავშირში გაწევრიანება და მთავრობა სხვა მიმართულებით მიდის. ეს უბრალოდ ფაქტია და ისიც ფაქტია, რომ ივანიშვილი დაკავშირებულია რუსეთის მთავრობასთან. ივანიშვილმა თავად მითხრა, რომ 1996 ის იმ რუსი პიროვნებების რიცხვში იყო, რომლებმაც ელცინის მეორედ არჩევას დაუჭირეს მხარი და მოგვიანებით ოლიგარქია შექმნეს." - განაცხადა რეჟის ჟენტემ.