თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებულ 6 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საუბარია "კეკოზე," "მაჩიტაზე," "ბაბუცასა" და კიდევ 3 პირზე, რომელთა დაკავების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 16 თებერვალს, გაავრცელა. მოგვიანებით კი, პროკურატურამ მათ ბრალდება წარუდგინა.
4 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით ("ქურდული სამყაროს" წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს - 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით ("ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვა) წარედგინა, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
შსს-ს გამოძიების მიხედვით, "ქურდული სამყაროს" ოთხმა წევრმა, 2023 წლის ნოემბერში, ორი მოდავე მხარის მიმართვის საფუძველზე, ქალაქ გორში "ქურდული გარჩევა" მოაწყო. ბრალდებულებმა მხარეებს შორის არსებული კონფლიქტი განიხილეს და გადაწყვეტილება "ქურდული სამყაროს" წესების შესაბამისად მიიღეს.
ასევე ნახეთ: