Sky Girls-ის დაკავებული მენეჯერის მეუღლე გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს. ინფორმაცია ამის შესახებ "მთავართან" მარიანა ჩხაიძის მეუღლის, რომეო ჩხაიძის ადვოკატმა დაადასტურა.
ადვოკატის მტკიცებით, კანონით ჩაიძეებს აქვთ უფლება, რომ საკუთარი თავისა და ოჯახის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცენ.
რომეო ჩხაიძე არანაირი ინფორმაციის მიწოდებას არ აპირებს, კანონი ამის საშუალებას გვაძლევს, ანუ ამ ეტაპზე უარს ვამბობთ ჩვენების მიცემაზე, გამოძახებული ვიყავით 12 საათზე, უბრალოდ დავფიქსირდებით რომ უწყება არ დაგვირღვევია" - ამბობს ადვოკატი ლიკა ბითაძე.
ადვოკატი ადასტურებს, რომ შემთხვევის ღამეს რომეო ჩხაიძე ბარში იმყოფებოდა, თუმცა ამტკიცებს რომ მას დანაშაულში მონაწილეობა არ მიუღია და კონფლიქტის მონაწილეებს აშველებდა.
Sky Girls-ის მენეჯერი მარიანა ჩხაიძე გუშინ, 3 სექტემბერს დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის დაცვის თანამშრომლებთან ერთად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
მანამდე კი სამართალდამცველებმა Sky Girls-ის დაცვის 2 წევრი კლიენტების ცემის ბრალდებით დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ არარეალური ანგარიშის გაპროტესტების გამო ბარში ახალგაზრდა სასტიკად სცემეს. ივიკოი ფრუიძემ ინფორმაცია და ფოტომასალა Facebook-ის გვერდზე თავად გაავრცელა.