
აშშ ირანს ახალ სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ირანს სანციებს რუსეთის მხარდაჭერის გამო დაუწესებენ.
"რუსეთის სასტიკი ომისადმი ირანის მუდმივი მხარდაჭერის საპასუხოდ, ჩვენ დავუწესებთ დამატებით სანქციებს ირანს უახლოეს დღეებში და მზად ვართ უფრო წინ წავიწიოთ, თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიყიდის... ირანი რუსეთს უფასოდ არ ეხმარება. ირანის მხარდაჭერის სანაცვლოდ, რუსეთი თეირანს უპრეცედენტო თავდაცვის თანამშრომლობას სთავაზობს. ასე რომ, მთლიანობაში ირანი ეძებს მილიარდობით დოლარის სამხედრო აღჭურვილობას რუსეთისგან", - განაცხადა კირბიმ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირანმა რუსეთს მიაწოდა მნიშვნელოვანი რაოდენობის დრონები, მართვადი საჰაერო ბომბი და საარტილერიო საბრძოლო მასალა, ვაშინგტონს ჯერ საბოლოოდ არ დაუდასტურებია, რომ რომელიმე ბალისტიკური რაკეტა ირანიდან რუსეთში გადავიდა.
Reuters-მა, ამ კვირის დასაწყისში, ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს მიაწოდა დიდი რაოდენობით ძლიერი მიწისზედა ბალისტიკური რაკეტები.