ამოღებულია "ჰეროინი," "კოკაინი," "ლსდ..." | ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირი დააკავეს, 27 ნარკორეალიზატორია

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირი დააკავა, მათგან 27 ნარკორეალიზატორია. 

უწყების ცნობით, დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის, სომხეთის, იორდანიის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ერაყისა და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეები.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირია დაკავებული, აქედან 27 ნარკორეალიზატორია.

მინდა განვმარტო, რომ დაკავებულ პირთა შორის არიან ნარკორეალიზატორები, რომლებიც ტრადიციული - ხელიდან ხელში გასაღების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. გარდა ამისა, დაკავებულები არიან ე.წ. დამდებები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციებზე დადების მეთოდით ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. დაკავებულებს შორის, ასევე, არიან ნარკოტიკების საზღვარზე უკანონოდ შემომტანი პირები, რომლებსაც ქვეყანაში სხეულით შემოჰქონდათ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის სომხეთის, იორდანიის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ერაყისა და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეები.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, მათი ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები:

„ჰეროინი“, „კოკაინი“ „ალფა პვპ“, „სუბოტექსი“ „სუბოქსინი“,

„მეტადონი“, „მდმა“, „ლსდ“, „მეფედრონი“, „ამფეტამინი“, „ექსტაზი“,

„ჰაშიში“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“.

ბრალდებულებისგან პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აქვე მინდა მცირე განმარტება გავაკეთო ბოლო პერიოდში მედიასაშუალებებში გასულ სიუჟეტებთან და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებას.

ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებები ძირითადად შემოდის სახმელეთო და საჰაერო გზებით, ასევე საფოსტო გზავნილების მეშვეობით. ამ გამოწვევების საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს კომპლექსურ ღონისძიებებს. შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც შედგება სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისგან და კოორდინირებულად, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება სარისკო გადაზიდვების მონიტორინგი, რის შედეგადაც ხდება ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ფაქტების გამოვლენა საქართველოს საზღვრებზე.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ კოლეგებთან, რომლებთანაც მუდმივად ხდება ინფორმაციის გაცვლა, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნარკოტრანზიტის ფაქტები.

დღევანდელ რეალობაში ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ნარკოტიკების რეალიზაციამ ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა. ნარკომომხმარებლებთან კომუნიკაცია ფიზიკური კონტაქტის გარეშე, ინტერნეტის საშუალებით ხდება. აღნიშნული გზით გასაღებული ნარკოტიკული საშუალებები წარმოადგენს კუსტარულად დამზადებულ სინთეტიკურ ნარკოტიკულ საშუალებებს, რაც მომხმარებლებში იწვევს ფატალურ შედეგებს. უმეტეს შემთხვევებში ნარკორეალიზატორები გასაღების სქემაში რთავენ ახალგაზრდებს, ონლაინ სივრცეში და სხვადასხვა მეთოდებით აცხადებენ ვაკანსიებს და სთავაზობენ სოლიდურ გასამრჯელოს.

მინდა აღვნიშნო, რომ ზემოხსენებული საქმიანობა მძიმე დანაშაულია, ეს არ ნიშნავს მხოლოდ სხვადასხვა ლოკაციებზე ნარკოტიკების განთავსებას, არამედ წარმოადგენს ნარკოტიკების რეალიზაციას, რისთვისაც სასჯელი ძალიან მკაცრია და მსგავს საქმეებზე ასობით პირი იქნა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

ამავდროულად კომპლექსური გამოძიების ფარგლებში, მუდმივად ხორციელდება საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრებისა და უძრავ მოძრავი ქონების მოძიება და დაყადაღება, რომლებიც ნარკორეალიზაციის შედეგად უკანონო გზით იქნა მოპოვებული.

გარდა ამისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ ე.წ. დარქნეტში და სხვადასხვა ტელეგრამ არხებზე არსებული ონლაინ მაღაზიების იდენტიფიცირებას, მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, საკონტროლო შესყიდვების განხორციელებას და სხვადასხვა ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების გატარებას. ასევე ტექნოლოგიური შესაძლებლობების ფარგლებში ხდება ხსენებული ტელეგრამ არხებისა და სხვა ონლაინ მაღაზიების დაბლოკვა და მათი გაუქმება.

აღსანიშნავია, რომ მსგავს სქემებში ჩართული ნარკორეალიზატორების მიმართ გასატარებელ ღონისძიებებს სჭირდება გარკვეული დრო, რათა მოძიებულ იქნეს მყარი მტკიცებულებები, ტექნოლოგიურად დამუშავდეს დიდი რაოდენობის მონაცემები, დაინიშნოს და ჩატარდეს ექსპერტიზები, რათა დამნაშავე პირები მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში", - განაცხადა ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი