
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინაში რუსეთის ომის 2 წლისთავთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ლიდერები უკრაინას ომში დახმარებას ჰპირდებიან და გამოხატავენ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ისინი ომზე პასუხისმგებლობას სრულად აკისრებენ რუსეთის ფედერაციას და მის ლიდერებს.
"ევროკავშირი გააგრძელებს ძლიერი და ურყევ პოლიტიკურ, სამხედრო, ფინანსურ, ეკონომიკურ, დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უკრაინისთვის, რათა დაიცვას თავი და ხალხი, საკუთარი ქალაქები და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, დაიბრუნოს ათასობით დეპორტირებული ბავშვი და დაასრულოს ომი...ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტო ზომები ევროკავშირის დონეზე ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის წარმოების გასაზრდელად და გავაგრძელებთ შესაძლებლობების გაზრდას, რაც საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა და თანამშრომლობა უკრაინასთან, ამავდროულად, განვამტკიცოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და ევროპული სუვერენიტეტი" - წერია განცხადებაში
შეგახსენებთ, ევროკავშირმა დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტიც დაამტკიცა.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნები უნგრეთის პოზიციის გამო ერთობლივი განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. POLITICO-ს ცნობით, უნგრეთმა ტექსტი დაბლოკა, სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ განცხადების გარკვეულ ფორმულირებებს არ ეთანხმებოდა. საჭირო გახდა ფორმატის შეიცვალა.