
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების 2 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ორი წელია, მსოფლიო თვალს ადევნებს ევროპის შუაგულში მიმდინარე სასტიკ ომს, რომელმაც ათიათასობით ადამიანის მსხვერპლი და ნგრევა მოიტანა.
უკრაინელი ხალხის თავდადება საკუთარი თავისუფლების დაცვისა და დამოუკიდებლობისთვის დიადი ბრძოლის მაგალითია. საქართველო მხარში უდგას უკრაინელ ხალხს ამ უთანასწორო ომში.
სწორედ ამიტომ, ამ საშინელი ომის დაწყებისთანავე საქართველომ ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე უპირობოდ მხარი დაუჭირა უკრაინას, მიუხედავად იმ რისკებისა, რომელიც ჩვენ ქვეყანას ჰქონდა და აქვს უსაფრთხოების კუთხით.
ჩვენ ხმას ვიმაღლებთ უკრაინელი ხალხის დასაცავად და ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს სამხედრო ინტერვენცია უკრაინის მიწაზე.
გვინდა, მოვუწოდოთ ცივილიზებულ სამყაროს, მათ ვისაც შესწევს ძალა გავლენა იქონიოს ამ სისხლისმღვრელი დაპირისპირების შეჩერებაზე, არ დაიშურონ ძალები და იმოქმედონ უკრაინის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე," - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა ომს "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა და განაცხადა, რომ მისი მიზანი უკრაინის "დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაცია" იყო.
ომის დაწყებას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 30 სექტემბერს კი რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები.
ასევე ნახეთ: