მეგობრების მიერ მოკლული 25 წლის გიორგი მირზაშვილის საქმე | ემიგრანტი დედა შვილს 4 თვე ეძებდა

გამოქვეყნდა:

25 წლის გიორგი მირზაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით  ჩადენილი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულს ციხეში 17 წლის გატარება მოუწევს.  განაჩენი, რომელსაც მოკლული ახალგაზრდის ოჯახი ერთ წელზე მეტია ელოდებოდა, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე  მამუკა წიკლაურმა  გამოაცხადა.  

წამებით მოკლული გიორგი მირზაშვილის  დედა, თამარ მირზაშვილი, წლებია ემიგრაციაში ცხოვრობს. ის გაუჩინარებულ შვილს თვეების განმავლობაში  უშედეგოდ ეძებდა. ამ დროს კი ახალგაზრდა ბიჭი უკვე  მოკლული იყო, მისი ცხედარი კი  ჭაში ჩამარხული.  

დედა იხსენებს, რომ  შვილის მკვლელებთან  მას ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა.  ემიგრაციაში ყოფნის გამო დახმარებას სწორედ მათ სთხოვდა,  ვინც მისი  შვილი წამებით მოკლა. დედა ამბობს რომ გიორგი მირზაშვილის ძებნაში ბრალდებულები  მოჩვენებითად  იყვნენ ჩართული. 

თამარ მირზაშვილი ამბობს რომ მისთვის  სიტუაცია საეჭვო  ორ თვეში გახდა. დედა იხსენებს  რომ ამ ხნის განმავლობაში შვილისგან,  რომელთანაც ხშირი სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა, მხოლოდ რამდენიმე სმს მიიღო. დედამ  იმ დროს არ იცოდა რომ მისი მოკლული შვილის ტელეფონით,  მკვლელები სარგებლობდნენ. თამარ მირზაშვილმა  ამის შესახებ მხოლოდ დამნაშავეების დაკავების  შემდეგ  შეიტყო. ერთ-ერთი სმს-ით რომელიც   გიორგის სახელით დედას გაუგზავნეს, შეატყობინეს, რომ მისი შვილი  მონასტერში იყო წასული.

დედის ინფორმაციით, გიორგი მირზაშვილის სახელით მკვლელებთან  მიმოწერა კვირების განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა ბევრი პასუხგაუცემელი  შეკითხვის გამო, დედამ განგაშის ატეხვა და საქმეში პოლიციის ჩართვა  გადაწყვიტა.

მკვლელობა გურჯაანის რიონში სოფელ ველისციხეში, მიტოვებულ სახლში, 2023 წლის 18 იანვარს მოხდა. გიორგის მეგობარმა, გიორგი სულხანიშვილმა დაურეკა და კახეთში, აგარაკზე წასვლა შესთავაზა. მათთან ერთად კახეთში გაემგზავრა მკვლელობაში  ბრალდებული სულხანიშვილის ნათესავი, უშანგი ბერძენიშვილიც. ადგილზე ჩასვლის შემდეგ, მიტოვებულ სახლში სულხანიშვილმა და ბერძენიშვილმა გიორგი მირზაშვილი ცემასა და წამებაში მოკლეს.

საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულის ჩადენის  შემდეგ   მოკლულის მეგობრებმა კვალის დაფარვა და მტკიცებულებების განადგურება დაიწყეს. გიორგი მირზაშვილის ცხედარი ჯერ მანქანის საბარგულში გადამალეს, პარალელურად კი სახლში ოთახები დაალაგეს და სისხლისგან გაწმინდეს.  გამოძიების ცნობით ამის შემდეგ  ავტომობილში დაბრუნდნენ და ცხედრის გადამალვა დაიწყეს. 

ცხედრის  გადამალვის შემდეგ, სულხანიშვილი და ბერძენიშვილი რუსთავში დაბრუნდნენ და  ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელეს. ოთხი თვე ისინი  მოკლულის ნათესავებსაც ისე ეკონტაქტებოდნენ, თითქოს არაფერი  მომხდარა. ახლობლები, მეგობრები და პოლიცია  გაუჩინარებულ გიორგი მირზაშვილს მთელი ქვეყნის მასშტაბით  ეძებდნენ. ოთხი თვის შემდეგ  სამართალდამცველები გაუჩინარებული გიორგის კვალმა ველისციხეში  მიიყვანა. საქმის მასალებში წერია, რომ  ბიჭის დასახიჩრებული ცხედარი ჭაში ჩაგდებული და მთლიანად ქვებით იყო დაფარული

რატომ გაიმეტეს ახალგაზრდა წამებით სიკვდილისთვის, ამ დრომდე უცნობია. არც ერთ დაკავებულს არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიებისთვის მომხდარის დეტალებზე არ უსაუბრია. 

გიორგი მირზაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო  განხილვები არ დასრულებულა,  მოსამართლე მამუკა წიკლაური  რამდენიმე  კვირაში  განსაკუთრებული  სისასტიკით  ჩადენილი  განზრახ მკვლელობაში ბრალდებული  უშანგი ბერძენიშვილის განაჩენს გამოაცხადებს. მუხლი, რომელიც მას აქვს წარდგენილი, 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი