მამის მკვლელობაში ბრალდებულის, 25 წლის რეზი გამხიტაშვილის, აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს.
გამხიტაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მკვლელობას ერთადერთი მოწმე მისი არასრულწლოვანი დაა, რომელმაც აღნიშნული ფაქტის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
გამხიტაშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია და სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ.
"ბრალი ედება ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ჩადენაში და აღნიშნულ ბრალდებაში იგი თავს არ ცნობს დამნაშავედ და იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. შუამდგომლობა გვექნება, რა თქმა უნდა, რომ არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება არ იქნეს გამოყენებული, მაგრამ ალტერნატივის სახით მაინც დავაყენებთ გირაოს 5000 ლარის ოდენობით," - ამბობს ადვოკატი იოსებ ნატროშვილი.
შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს გლდანში შვილმა მამა მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა მამას დანით მიაყენა ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.