აშშ-მა ბელარუსში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დაგმო

გამოქვეყნდა:

აშშ-მა ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმის საპარლამენტო არჩევნები დაგმო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

"არჩევნები ჩატარდა შიშის ატმოსფეროში, რომელშიც არცერთ საარჩევნო პროცესს არ შეიძლება ეწოდოს დემოკრატიული", - განაცხადა მილერმა.

მილერმა გაიხსენა, რომ ლუკაშენკას რეჟიმი გისოსებს მიღმა ჯერ კიდევ 1 400-ზე მეტ პოლიტიკურ პატიმარს იტევს, ასევე, ყველა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა ან დაკავებულია, ან დეპორტირებული.

"ყველა დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიას უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. საზღვარგარეთ მცხოვრებ ბელორუსებს ხმის მიცემა მხოლოდ მინსკში დაბრუნების შემთხვევაში შეეძლოთ, სადაც დიდი ალბათობით რეპრესიების წინაშე აღმოჩნდებოდნენ. ამ ძალადობამ ფაქტობრივად გაყინა რეალური პოლიტიკური აქტივობა და პოლიტიკური დისკურსი ბელარუსში", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ლუკაშენკოს რეჟიმმა არ მისცა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას არჩევნების მონიტორინგის უფლება, რამაც, მილერის თქმით, "კიდევ უფრო შეზღუდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო გამჭვირვალობა".

"აშშ აღიარებს ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული მოძრაობის სიძლიერეს, გამძლეობასა და გამბედაობას. აშშ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ლუკაშენკოს რეჟიმს შეწყვიტოს რეპრესიები, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და დაიწყოს დიალოგი პოლიტიკურ ოპონენტებთან. ბელარუსი ხალხი უკეთესს იმსახურებს", - წერია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის მოსახლეობა მე-8 მოწვევის პარლამენტისთვის 110 დეპუტატსა და ადგილობრივი საბჭოების წევრებს ირჩევს. უმრავლესობის მოსაპოვებლად 56 მანდატია საჭირო.

არჩევნებში ოთხი პარტია მონაწილეობდა: კომუნისტური, ლიბერალ-დემოკრატიული, შრომისა და სამართლიანობის რესპუბლიკური პარტია და ბელაია რუს.

ქვეყნის მასშტაბით 5 411 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობამ კი 6.9 მილიონი შეადგინა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი