დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში, საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას მკვლელობის საქმეზე მესამე ბრალდებული თ. კვეკვესკირი, ზუგდიდში დააკავეს.
დეტალები უცნობია, თუმცა "მთავარის" ინფორმაციით, ის ზუგდიდში, დაახლოებით ერთი თვე იმალებოდა და ამჟამად თბილისშია გადაყვანილი.
ინფორმაცია "მთავარ არხს" შსს-ში დაუდასტურეს. კვეკვესკირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 236-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული.
თემურ კარბაიას საქმეზე 12 თებერვალს, ორი "მილიციელი" დააკავეს.
შეგახსენებთ, 2023 წლის 9 დეკემბერს ოკუპირებულ გალში საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა ჩხრეკის მიზნით გააჩერეს და სასტიკად სცემეს საქართველოს მოქალაქეს, თემურ (ვიტალი) კარბაიას. მოგვიანებით ის ე.წ. მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც, სავარაუდოდ, ფიზიკური ანგარიშსწორება გაგრძელდა. მიყენებული დაზიანებების გამო, კარბაია საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.
კარბაიას მკვლელობაზე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ემა გოგოხია