პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებაზე და მის მიერ 23 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ამბობდა, რომ სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმებოდა.
კობახიძემ თქვა, რომ მინისტრის შეცვლის გეგმა არ ჰქონია, მაგრამ პროცესში ხარვეზები დაინახა. მისივე თქმით, დღეს ყველა მინისტრის საქმიანობით კმაყოფილია, ხოლო ვინ იქნება ჯანდაცვის ახალი მინისტრი ფართო კონსულტაციებით გადაწყდება.
კობახიძემ თქვა, რომ პრობლემას ხედავდა მართვის კომუნიკაციის კუთხით, ამასთან დაკავშირებით კი სამედიცინო საზოგადოებაში უკმაყოფილება იყო. პრემიერის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე დარწმუნდა, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა.
"მაშინ გითხარით, რომ ზოგადად არ ვგეგმავდი იმ მომენტისთვის არავითარ ცვლილებას, ეს იყო პროცესი, საბოლოო ჯამში იყო ერთი ინფორმაცია, მეორე, მესამე. [თქვენ თქვით, რომ არცერთი მინისტრი არ შეიცვლებოდა არჩევნებამდე] ასეთი გეგმა არ მქონდა, ნამდვილად არ მქონდა, როცა პასუხი გაგეცით ნამდვილად არ შედიოდა ჩემ გეგმაში მაგალითად ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა, მაგრამ არის პროცესი, ამ პროცესში დავინახე მე ხარვეზები და ამის გამო მქონდა საუბარი ჯანდაცვის მინისტრთან. [...]
[ახალ მინისტრზე] ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ რის, ჩვენ გვექნება კონსულტაციები როგორც გუნდის წევრებთან, ასევე დარგის წარმომადგენლებთან, გვექნება ჯანსაღი პროცესი. გუნდის წევრებზე როცა მაქვს საუბარი, ჩვენი გუნდის ლიდერია, საპატიო თავმჯდომარეა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, სადაც არის საჭირო გუნდთან კონსულტაციები, პირველ რიგში ბატონი ბიძინა არის გუნდის წარმომადგენელი", - თქვა კობახიძემ.