პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ ამჯერად პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები გაემიჯნებიან ევროპარლამენტის "უსამართლო გადაწყვეტილებებს".
პაპუაშვილმა გუშინ თქვა, რომ ევროკავშირი ოფიციალურად უნდა გაემიჯნოს ევროპარლამენტარების "ცილისმწამებლურ განცხადებებს".
საქმე ეხება ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკურ წლიურ ანგარიშში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხის მოხვედრას.
"მე მგონია, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები გაემიჯნებიან ევროპარლამენტს ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებებში. ეს პირველ რიგში დადებითად აისახება საზოგადოების აღქმაზე, საზოგადოების მხარდაჭერა 85%-იანი მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ, უნდა შენარჩუნდეს მყარად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, მაგრამ ამაში ხელს გვიშლის ევროპარლამენტი.
მე ვერ მოვახდენ ქალბატონი რობერტას სიტყვების ციტირებას, იმიტომ რომ დახურული შეხვედრა გვქონდა მასთან და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ერთმანეთის სიტყვების ციტირება მოვახდინოთ, მაგრამ მან ძალიან ჯანსაღი პოზიცია დააფიქსირა იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაკუთრებით 2022 წელს განვითარდა ევროპარლამენტში, ეს არ იყო ჯანსაღი პროცესები, საბედნიეროდ, ამის შემდეგ ეს პროცესები შეწყდა, როგორც ჩანს ვიღაცებს არ მოსწონთ ეს დადებითი დინამიკა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებში", - თქვა კობახიძემ.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ტიპის რეზოლუციების მიღება ტენდენციის სახეს არ მიიღებს.
"არ შეიძლება გაცვითონ კონკრეტულმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა ევროკავშირის, ევროპარლამენტის აღქმა ჩვენ ქვეყანაში, ევროპარლამენტის ქართულ საზოგადოებაში უნდა აღიქმებოდეს, როგორც სამართლიანი სტრუქტურა", - ამბობს ის.