
მოსკოვში ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის ემშვიდობებიან. მისი პანაშვიდი მოსკოვის დროით 12 საათზე დაიწყება. ის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარშია დასვენებული. მიმდებარე ტერიტორიაზე კი უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად გამკაცრებულია. ნავალნის მკვლელობის შემდეგ მისი ოჯახი დიდხანს ეძებდა სივრცეს, სადაც პანაშვიდები ჩატარდებოდა, თუმცა, როგორც ცნობილია, რუსეთის ხელისუფლებამ ამეთ სივრცეებს ნავალნის ოჯახისთვის მიქირავება აუკრძალა. ცნობილია, რომ მოგვიანებით მას მოსკოვის გარეუბანში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
მოქალაქეების ნაწილი ეკლესიის მიმდებარედ შეიკრიბა, სადაც პოლიციამ ბარიკადები დაამონტაჟა. ისინი ნავალნის ხსოვნას პატივს სწორედ ბარიკადების მიღმა მიაგებენ. მოქალაქეების ნაწილი კი, კრემლის მუქარის გამო, პანაშვიდზე მისვლას საერთოდ ვერ ბედავს. მათთვის სპეციალური ინსტრუქციებიც შეიმუშავეს, როგორ უნდა მივიდნენ ნავალნის პანაშვიდზე ისე, რომ დაკავება თავიდან აიცილონ. ბარიკადების გარდა, ეკლესიასთან შეინიშნება სპეცრაზმი და ცხენზე ამხედრებული პოლიციელებიც.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს კოლონიაში დაიღუპა. 19 თებერვალს ოპოზიციონერის დედა სალეხარდის მორგში მივიდა, სადაც მისი შვილის ცხედარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არც ის და არც ადვოკატი ადგილზე არ შეუშვეს. 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ლიუდმილა ნავალნაიას ულტიმატუმი წაუყენეს, რომ დათანხმებულიყო შვილის საიდუმლოდ, წყნარ დაკრძალვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნავალნის ცხედარს კოლონიაში დაკრძალავდნენ. საბოლოოდ, ნავალნის ცხედარი დედას 24 თებერვალს გადასცეს.
27 თებერვალს პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ დამკრძალავ ბიუროებს ნავალნის დაკრძალვის ორგანიზება აუკრძალეს. როგორც იარმიში წერს, ამის შესახებ მას ერთ-ერთი ასეთი სააგენტოდან აცნობეს. მისივე ცნობით, რამდენიმე სააგენტომ განაცხადა, რომ შენობა დაკავებულია, ზოგიერთმა კი უარი თქვა კომუნიკაციაზე ნავალნის სახელის ხსენების შემდეგ.
ავტორი: ზურა პეტროსიანი
იხილეთ ასევე: