
სპეცრაზმი, რკინის ბარიკადები და პოლიცია ეკლესიაში - მოსკოვში ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ემშვიდობებიან. სულ ცოტა ხნის წინ ცხედარი ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი სულ ცოტა ხნის წინ დაგვიანებით დაიწყო. შემდეგ კი მას მოსკოვის გარეუბანში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად გამკაცრებულია.
მოქალაქეების ნაწილი ეკლესიის მიმდებარედ დილიდან შეიკრიბა, სადაც პოლიციამ ბარიკადები დაამონტაჟა.
რუს ოპოზიცონერთან გამოსამშვიდობებლად სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის. მატ შორის არიან რუსეთში აკრედიტებული ალჩებიც.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს კოლონიაში დაიღუპა. 19 თებერვალს ოპოზიციონერის დედა სალეხარდის მორგში მივიდა, სადაც მისი შვილის ცხედარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არც ის და არც ადვოკატი ადგილზე არ შეუშვეს. 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ლიუდმილა ნავალნაიას ულტიმატუმი წაუყენეს, რომ დათანხმებულიყო შვილის საიდუმლოდ, წყნარ დაკრძალვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნავალნის ცხედარს კოლონიაში დაკრძალავდნენ. საბოლოოდ, ნავალნის ცხედარი დედას 24 თებერვალს გადასცეს.
27 თებერვალს პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ დამკრძალავ ბიუროებს ნავალნის დაკრძალვის ორგანიზება აუკრძალეს. როგორც იარმიში წერს, ამის შესახებ მას ერთ-ერთი ასეთი სააგენტოდან აცნობეს. მისივე ცნობით, რამდენიმე სააგენტომ განაცხადა, რომ შენობა დაკავებულია, ზოგიერთმა კი უარი თქვა კომუნიკაციაზე ნავალნის სახელის ხსენების შემდეგ.
ავტორი: ზურა პეტროსიანი
იხილეთ ასევე: