თანამგზავრული მონაცემებით, ჩრდ.კორეამ რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება შეაჩერა | მედია

გამოქვეყნდა:

სამხრეთ კორეის მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ შეაჩერა რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება. მედია ამ ინფორმაციას თანამგზავრული მონიტორინგის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით,  შემოდგომის შემდეგ, სავარაუდოდ საბრძოლო მასალის კონტეინერებით დატვირთული რამდენიმე რუსული გემი რეგულარულად მოძრაობდა  ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის პორტებს შორის, თუმცა უკვე სამი კვირაა ეს გადაადგილებები აღარ შეინიშნება.

ოთხმა საკონტეინერო გემმა - "მაია 1", "ანგარა", "მარია" და ლედი რ -მ - ჯამში მინიმუმ 32 რეისი შეასრულა ჩრდილოეთ კორეაში, რაჯინის პორტიდან (DPRK) რუსეთის პრიმორსკის პორტამდე. იქიდან კი კონტეინერები სარკინიგზო გზით გადაიტანეს კრასნოდარის მხარეში - უკრაინის საზღვრებთან ახლოს.

ბოლო ასეთი რეისი კი 12 თებერვალს განხორციელდა, როდესაც "მაია-1" რაჯინის პორტში ჩავიდა, მას შემდეგ, თანამგზავრებს ახალი მიმოსვლა აღარ დაუფიქსირებიათ.

ამავდროულად, მედია წერს, რომ რუსული გემებიდან უკვე გადმოტვირთული კონტეინერები კორეის პორტში, ცარიელია და მზად არაა ახალი გადაზიდვებისთვის.

რატომ შეჩერდა გადაზიდვა, ჯერჯერობით უცნობია. გამოცემის ავტორები ვარაუდობენ, რომ მიზეზი შესაძლოა იყოს ჩრდილოეთ კორეაში ახალი საბრძოლო მასალის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები. მედია არც იმას გამორიცხავს, რომ იარაღი რუსეთში საჰაერო, ან სარკინიგზო გზით გადადის.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე, დაახლოებით, 6 700 კონტეინერი უკვე გაუგზავნა,  უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდასაჭერად, სანაცვლოდ, კი ფხენიანის რეჟიმმა რუსეთისგან საკვებით სავსე 9 000 კონტეინერი მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი