ზუგდიდი- სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ნოჯიხევის მონაკვეთთან დიდი რაოდენობით კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. "მთავარის" ინფორმაციით, სპეცოპერაცია გამთენიისას ფინანსურმა და ზუგდიდის პოლიციამ ჩაატარა. ამოღებულია 35 ყუთი უაქციზო სიგარეტი, რომელიც სავარაუდოდ ზღვით, ყულევის სანაპირო ზოლის გავლით ხობის სოფელ თორსაში შემოიტანეს, საიდანაც კონტრაბანდული სიგარეტის გადატანა ქუთაისის მიმართულებით უნდა მომხდარიყო. კონტრაბანდისთვის დაკავებულები თბილისში არიან გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებიდან ორი ანალოგიური დანაშაულისთვის უკვე ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრს ქვეშ იმყოფებოდნენ. მათ სასჯელი სამი წელი ციხეში მოიხადეს, სამი კი პირობითი ჰქონდათ შეფარდებული. ჯერჯერობით უცნობია რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი: ემა გოგოხია