"საქართველო არ არის ექსპერიმენტებისთვის ლაბორატორია" - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო პარტნიორებს. ეს კომენტარი მან საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნასა და პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას გააკეთა.
პაპუაშვილმა თქვა, რომ პარტნიორმა ქვეყნებმა ჯერ თავიანთ ქვეყნებში მიიღონ კონსენსუსით გადაწყვეტილებები და "ქართულ ოცნებას" იმავესკენ ამის შემდეგ მოუწოდონ.
"საქართველო არ არის ექსპერიმენტებისთვის ლაბორატორია. 2 წელი ეს ლაბორატორია იყო, ქართველმა ხალხმა თავის კანზე იგრძნო, რომ ვართ ექსპერიმენტის ქვეშ. ეს ექსპერიმენტი არ მუშაობს, ყველა ვისაც უნდა გავაგრძელოთ და ვიყოთ საცდელი ცხოველის რანგში, ბოდიში მოგვითხოვია, ჯერ თავის ქვეყანაში დაამკვიდრონ ეს კონსენსუსები, მერე ჩვენ გველაპარაკონ. ჩვენ აქ არ ვართ, სხვადასხვა ხარისხის საზოგადოებები", - თქვა პაპუაშვილმა.
"ოცნების" დეპუტატი, მაკა ბოჭორიშვილიც იმეორებს, რომ როცა ქვეყანას სთავაზობენ ისეთი რაღაცის გაკეთებას, რაც არასდროს არავის გაუკეთებია, მაშინ საქმე ექსპერიმენტთან გვაქვს.
"ჩვენზე უკეთესად ვერც ერთი ქვეყნის ვერც ერთი ექსპერტი ვერ დაინახავს იმ ნიუანსებს რაც საქართველოშია, როცა აბსოლუტურად ჰაერიდან ჩამოვარდება რაღაც მოდელები, რომელიც არსად არ არსებობს, ბუნებრივია ჩნდება კითხვები, რატომ", - თქვა მან.
ცნობისთვის, პარლამენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" მიღებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ შეიცვალა. ამას გარდა, გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებები, "მთლიანად უგულვებელყოფს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით და შესაბამისად, წინააღმდეგობაშია ევროკომისიის 9 დათქმასთან".