
"ოცნების" მხრიდან ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფას ევროპელების ნეგატიური რეაქცია მოჰყვება- ეს განცხადება "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორმა, თბილისის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.
რიკარდ იოზვიაკის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთისგან გაფრთხილება უკვე მიიღო და თუ ტაქტიკას არ შეცვლის, გაფრთხილებები კიდევ იქნება.
"ევროპელებს, რა თქმა უნდა, ნეგატიური რეაქცია ექნებათ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფაზე, რადგან ძალიან ნათლად და მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ არჩევნებისთვის ეს რეკომენდაციები უნდა იყოს შესრულებული.
საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო გაფრთხილებები და ასევე მიიღებს მომავალშიც. თუმცა, აქ კითხვა ის არის, რა შედეგები მოაქვს ამ გაფრთხილებებს. რაიმე კონკრეტული ამ მოწოდებების სანაცვლოდ გაკეთებულა? მე ასე არ ვფიქრობ. ასე რომ, ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობაში საკმაოდ თავდაჯერებულები არიან, რომ ამ გაფრთხილებებს გვერდს აუვლიან." ამბობს იოზვიაკი.
"საქართველო არ არის ექსპერიმენტებისთვის ლაბორატორია", - ასე უპასუხა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო პარტნიორებს.
შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ვენეციის კომისიის დასკვნა გააკრიტიკა და თქვა, რომ დოკუმენტში ხარვეზებია. პაპუაშვილის პათოსს ეთანხმება მმართველი პარტიის სრული შემადგენლობა.
ცნობისთვის, პარლამენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" მიღებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ შეიცვალა. ამას გარდა, გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებები, "მთლიანად უგულებელყოფს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით და შესაბამისად, წინააღმდეგობაშია ევროკომისიის 9 დათქმასთან".
ვენეციის კომისია და ოდირი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე - შემოთავაზებული პაკეტი არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად. ეს კი გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის.