"მთავარის" ინფორმაციით, შიდა ქართლის გუბერნატორად აბიკო აბესაძის დანიშვნა იგეგმება

გამოქვეყნდა:

ვინ იქნება შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე აბიკო აბესაძის დანიშვნას გეგმავს. აბესაძე წლებია გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას იკავებს და გორში პარტიული საქმიანობითაა დაკავებულია. თუმცა, ის ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს.

რაც შეეხება მოქმედ გუბერნატორს, მიხეილ შაყულაშვილს, ის პოსტს ემშვიდობება და პირველია სახელმწიფო რწმუნებულებიდან, ვისაც ახალი პრემიერმინისტრი სახლში უშვებს. თუმცა, თავად შაყულაშვილი ამტკიცებს, რომ მისი გადადგომა პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდება და ამბობს, რომ კერძო სექტორში გადანაცვლება სურს.

გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე კი საპირისპიროს აცხადებს და ამბობს, რომ შაყულაშვილი გენერალურ პროკურატურაში გადადის.

"ბატონმა მიხეილმა, შაყულაშვილმა, გვთხოვა შეხვედრა, დაგვემშვიდობა. სავარაუდოდ, უფრო მაღალ თანამდებობაზე გადადის, სავარაუდოდ. როგორც ვიცი, გენერალურ პროკურატურაში. ყოველთვის ცვლილებები არის უფრო განმაახლებელი, რეფორმების მომტანი და მოხდა ცვლილებები. გუნდმა გადაწყვიტა, რომ ამ ახალი გუნდისათვის ეხელმძღვანელა ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელიც საკმაოდ უძლიერესი პოლიტიკოსი არის და, ვფიქრობ, თავის სიტყვას იტყვის. ხედვა მაინც იცვლება. ოჯახშიც ხდება ეგრე, რომ რაღაცა იცვლება, ვიღაცა ვინც ხელმძღვანელობს იმისი პრიორიტეტებით მიდის უკვე ცხოვრება," - ამბობს რაზმაძე.

ცნობისთვის, "მთავარის" ინფორმაციით, თანამდებობას ატოვებინებენ გორის ვიცე-მერს, ნიკა ღვინიაშვილსაც. ის პოსტიდან, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გადადგება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი