"რა გაცვლაზეა საუბარი, რა სისულელეებს მიედ - მოედება," - ასე პასუხობს "ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი, უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლება მოსკოვიდან მიღებული დირექტივების გამო არ ათავისუფლებს.
ვოლსკი ამტკიცებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა.
"რუსეთმა რა უნდა გითხრას ამ შემთხვევაში, არ მისცე უკრაინასო. როგორ შეიძლება გაგიჩნდეს ეს სურვილი, რომ უკრაინას გადასცე ადამიანი, რომელმაც შენს ტერიტორიაზე ამდენი დანაშაული ჩაიდინა და ზუსტად იცი, რომ უკრაინაში პარტიაში მიემართება და არათუ ვინმე პასუხის მოსთხოვს, არამედ შეიძლება ორდენიც დაკიდონ იმისთვის, რომ უკრაინის საზღვარი დაარღვია. რა გაცვლაზეა საუბარი, რა სისულელეებს მიედ-მოედება და მეორე, დადასტურებულია, რომ არანაირი შავი ხვრელი არ არსებობს. შავი ხვრელი თუ უნდა ეძებოს არახამიამ თავისთან უნდა ეძებოს" - ამბობს ვოლსკი.
ქართული ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი კი არახამიას განცხადებას "ზღაპარს" უწოდებს:
"ახლა მათი ე.წ დაზვერვის ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს უნდოდა გაშვება სააკაშვილის და მოსკოვმა უარი უთხრა, ეს ზღაპრები მოუყვეს თავის რადაში თავის წევრებს და ამყოფოს ისინი ამ ტყუილში. საქართველოს არ სჭირდება ასეთი ტიპაჟების შეფასება" - ამბობს ქადაგიშვილი.
მიზეზი რის გამოც მიხეილ სააკაშვილის არ ათავისუფლებენ მოსკოვის უარია - ეს განცხადება, " ოცნების" მორიგი თავდასხმის შემდეგ, დავით არახამიამ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" გააკეთა - ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ეს ინფორმაცია მას უკრაინის დაზვერვიდან აქვს.