"გუშინ დილით გაიღვიძა ირაკლი კობახიძემ და გადაწყვიტა, რომ ურთიერთობის ნორმალიზება უნდა მოხდეს?", - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავით არახამია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" საუბრობს. ის საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ უკრაინის დამოკიდებულების გამო.
"...ძალიან მაინტერესებს, გუშინ დილით გაიღვიძა ირაკლი კობახიძემ და გადაწყვიტა, რომ ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზება უნდა მოხდეს? მე პირადად ვარ მზად უკრაინის მხრიდან, რომ დაველაპარაკო ჩემს პრეზიდენტს იმისთვის, რომ მოხდეს ნორმალიზება ურთიერთობების მაგრამ ამისთვის ძალიან საჭიროა რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა, რომელიც საქართველოში ასევე პოპულარული იქნება", - ამბობს არახამია.
ის საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდებაში დახმარებაზეც საუბრობს და საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს:
"ეს არ არის მოტყუება, რომ საქართველო ხელს უწყობს სანქციების არიდებას რუსეთის მიერ. ეს ძალიან ბევრ ანგარიშშია აღნიშნული. არაა საჭირო, რომ ანალიტიკოსი იყო უნდა გახვიდე გარეთ და ნახო რამდენია რუსეთის მოქალაქე გარეთ, რამდენი რუსული ბიზნესი იყო გახსნილი საქართველოში... ერთხელ და სამუდამოდ წერტილი რომ დავსვათ, ჩვენ მივმართავთ საქართველოს ეროვნულ ბანკს, გამოაქვეყნოს სტატისტიკა რამდენი ანგარიშია გახსნილი, რომელიც ეკუთვნის რუსულ ფირმას, რუსეთის მოქალაქეებს. რამდენი იყო 2022 წელს და რამდენია დღეს. აქ დისკუსია არ არის საჭირო, ეს ცხადი და ნათელია, - თქვა არახამიამ.
მან საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინის მხარე თვლის, რომ ის, საქართველოს მთავრობას, უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებული.
"ვთვლით, რომ მათ უკანონოდ ჰყავთ დაკავებული უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა მცდელობა ის გაგვეთავისუფლებინა, ან გაგვეცვალა, მოსკოვთან კონსულტაციის შემდეგ და ამას ადასტურებს ჩვენი დაზვერვა, ისინი არ იღებენ დასტურს, ან ნებართვას ამის გაკეთებაზე და ამიტომ, არ გვაძლევენ საშუალებას, რომ გავათავისუფლოთ სააკაშვილი. ეს არის ძალიან ნელი მცდელობა მოკლან ბატონი სააკაშვილი", - განაცხადა დავით არახამიამ.
ინტერვიუ სრულად: