უარი აშშ-ის ვიზაზე | დავით კეზერაშვილის წარმომადგენელი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

დავით კეზერაშვილის წარმომადგენელი მისთვის ვიზაზე უარის თქმისა და ამასთან დაკავშირებით აშშ-ის საჯარო უწყებებისგან ინფორმაციის გამოთხოვის საკითხს ეხმიანება.

დავით კეზერაშვილის წარმომადგენლის კომენტარს "ფორმულა" ავრცელებს:

"საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციაა, რომ საქართველოს ხელისუფლება განმეორებითად უსაფუძვლოდ ადანაშაულებდა დავით კეზერაშვილს სხვადასხვა მართლმსაჯულების ორგანოს წინაშე.

ამ დრომდე ყველა სასამართლომ ევროპაში, რომელმაც განიხილა ეს ბრალდებები, დაინახა მათი ნამდვილი ხასიათი - რომ ეს არის პოლიტიკური ნადირობა კუდიანებზე, რომლის მიზანიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსის გაჩუმებაა. მძლავრი პოლიტიკური მოტივაციები დაინახა ინტერპოლმაც, რომელმაც დიდი ხნის წინ შეწყვიტა საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნების გათვალისწინება.

მას შემდეგ, რაც ევროპაში ამოწურეს სასამართლოები და მართლმსაჯულების ორგანოები, რომლებიც მათ მოუსმენდნენ, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცილისწამების კამპანია ახლა ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმართა.

დავით კეზერაშვილმა აშშ-ში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზას მიმართა, რომ შესაბამისი უწყებებისგან გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში მოიპოვოს მის შესახებ დოკუმენტებზე წვდომა. ეს წმინდად პროცედურული საკითხია და არ აქვს სხვა იმპლიკაციები, გარდა დავით კეზერაშვილის მოტივაციისა, რომ სრულად იყოს ინფორმირებული პროცესისა და დოკუმენტაციის შესახებ". ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა  დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად საქართველოს  თავდაცვის  ყოფილმა მინისტრმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. 

სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა, რომელიც იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის  მუხლს დაეყრდნო.

მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.

დავით კეზერაშვილი მოითხოვს, შეგროვდეს და გადაეცეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ვიზაზე უარის თქმის მიზეზი გახდა.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი