პრემიერი კობახიძე იმ ორი მოსამართლიდან ერთ-ერთს, რომელიც უზენაეს სასამართლოს განცხადებას გაემიჯნა, სიზარმაცეში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას თავად აქვს კეთილსინდისიერების პრობლემა, თუმცა რომელს, ეს კობახიძეს აღარ დაუკონკრეტებია:
"რაც შეეხება უზენაესის ორ მოსამართლეს - ამ ორიდან მინიმუმ ერთს აქვს, მე ვერ ჩავერევი სასამართლოს საქმიანობაში, მაგრამ მე მგონია, რომ ერთს მინიმუმ აქვს კეთილსინდისიერების პრობლემა, გამომდინარე იქიდან, რომ სათანადო ვადებში არ განიხილავს საქმეებს, ზარმაცობს. თუ იქნებოდა საუბარი კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, საკუთარი კეთილსინდისიერება უნდა შეემოწმებინათ ასეთ მოსამართლეებს და ისინი სხვების კეთილსინდისიერებაზე არ უნდა საუბრობდნენ...
ერთადერთი ორგანო, რომელიც ამოწმებს მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კეთილი ინებოს ყველამ, ვისაც აინტერესებს მოსამართლეების კეთილსინდისიერება და აქვს გარკვეული ეჭვი სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მიმარტონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მერე ჩაიხედონ, რამდენად სწორად იკვლევს ამ საკითხს საბჭო" ამბობს პრემიერი.
შეგახსენებთ, ე.წ. ვეტინგს "ოცნების" ხელისუფლება და მასთან დაახლოებული სასამართლო კლანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამასთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მოთხოვნა "დაინტერესებული პირების მანიპულაციური, მოჩვენებითი ზრუნვაა მართლმსაჯულების სისტემაზე" და რომ ეს პროცესი "მოსამართლის დამოუკიდებლობას ლახავს".
აღნიშნული პოზიცია არ გაიზიარა უზენაესის ორმა მოსამართლემ - ნინო ბაქაქურმა და ეკატერინე გასიტაშვილმა. საკუთარი პოზიცია მოსამართლეებმა პლენუმის ოქმშივე დააფიქსირეს.