გადამწყვეტი პოლიტიკური არჩევნების წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს. ამ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანების მხარდაჭერით პრემიერმინისტრობისთვის იბრძოლებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ განაცხადს წარსულში დაბრუნების მცდელობად მიიჩნევს მათივე ყოფილი თანაგუნდელი გიგა ბოკერია
ძლიერი კონკურენტის მიუხედავად საკუთარ ძალებში მაინც დარწმუნებულია გიორგი ვაშაძე. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი თავს უკონკურენტოდ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი თავად გახდება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას ყველა პოლიტიკური პარტია სხვადასხვაგვარად აღიქვამს. ოპოზიციის ნაწილი პარტიულ ინტერესებზე საუბრობს, ნაწილი კი თვლის, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილია იმ პოლიტიკური გამოცდილების მქონე ფიგურა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასრულება და ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანა შეუძლია.
ქართული ოცნება კი კვლავ იმუქრება. მმართველ გუნდში მიხეილ სააკაშვილს ისევ შეახსენეს, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს და ირონიანარევი განცხადებებით მესამე პრეზიდენტს პოლიტიკური გამოცდილება დაუწუნეს.
პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებისა და სახელისუფლებო გუნდის მხრიდან გაშავების უპრეცედენტო კამპანიის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნას აანონსებს და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური გაერთიანების სახელით ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში გარდამტეხი ცვლილებებისთვის ემზადება.