დანაშაულის იარაღი ყვავილების თაიგულში? | 21 წლის ბიჭის მკვლელობის საქმე და კადრები სათვალთვალო კამერებიდან

გამოქვეყნდა:

მკვლელობა შურისძიების მოტივით - წარსულის გარჩევებისა და კონფლიქტის გამო. 21 წლის მოკლული ნიკიტა აგიევის დედა ამტკიცებს, რომ უბნელებმა მისი შვილის მკვლელობა წინასწარ დაგეგმეს და სისრულეში მოიყვანეს. შვილმკვდარი დედა დარწმუნებულია იმაშიც, რომ  თავდამსხმელები დანაშაულის იარაღს ყვავილების თაიგულში მალავდნენ და ამით ცდილობდნენ თავიანთი სასტიკი ქმედებების დაფარვას. კადრებში, რომელიც "მთავარმა არხმა" მოიპოვა, კარგად ჩანს რომ 21 წლის ბიჭს თავდამსხმელი მიეპარა, წააქცია და დანა რამდენჯერმე დაარტყა. თუმცა აგიევების ოჯახის და ადვოკატის მტკიცებით, საქმის მთავარი ბრალდებული სანდრო პაკელიანი მარტო არ მოქმედებდა. ამიტომ მოკლულის დედა ითხოვს, რომ მისი შვილის მკვლელობისთვის პასუხი ყველა პირმა აგოს და განზრახ მკვლელობა ჯგუფურით გადაკვალიფიცირდეს. 

2024 წლის 25 იანვარი, თბილისი - მტკვრის ქუჩაზე დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერის თვალთახედვის არეში ნიკიტა აგიევი პირველად  18 საათზე, 7 წუთსა და 36 წამზე ჩნდება.  სახე არ უჩანს კამერასთან ზურგითაა. თუმცა კადრში აღელვება არ ეტყობა. 

ჩანაწერის მიხედვით 21 წამში ნიკიტა აგიევი უკვე იმ გზაჯვარედინთან იყო სადაც მას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. მასალაში 18 საათზე 36 წუთსა და 57 წამზე ჩანს, რომ 21 წლის ახალგაზრდას უკნიდან ვიღაც მიეპარა წააქცია და რამდენჯერმე დაარტყა. ამავე კადრებით ჭრილობების მიყენების შემდეგ თავდამსხმელი მიწიდან რაღაცას - სავარაუდოდ დანაშაულის იარაღს იღებს და გარბის. 

საქმეში არსებული ჩანაწერებითა და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მძიმედ დაჭრილი ნიკიტა აგიევი,  ქუჩის ბოლომდე გაიქცა და გამვლელებს დახმარებას სთხოვდა. თვითმხილველების ინფორმაციით დაჭრილ ახალგაზრდას დანა თავადაც ეკავა. ერთ-ერთი პირველი ვინც აგიევის დახმარება სცადა შემთხვევის ადგილზე მყოფი ტაქსის მძღოლი იყო. 

ნიკიტა აგიევი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. თვითმხილველების ჩვენებებით კი დგინდება, რომ მკვლელობა ისე სწრაფად მოხდა, რომ დანის რამდენჯერმე დარტყმის მომენტი ვერავინ დაინახა.  

საქმეში ასევე დევს ვიდეო კადრები სადაც ჩანს როგორ დატოვეს თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი. მასალის მიხედვით  დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული და მასთან ერთად მყოფი სამი პირი  ორბელიანის მოედნისკენ გაიქცა და თეთრი ფერის ტოიოტა პრიუსის მარკის ტაქსიში ჩასხდნენ. მანქანაში ჩაჯდომის დროს კადრში ჩანს რომ  4- დან ერთ-ერთს ხელში თაიგული ეკავა. მოკლულის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობის იარაღს  სწორედ თაიგულში მალავდნენ. 

საქმის მასალებით მომხდარის შემდეგ გაქცეულმა ახალგაზრდებმა, ავტომანქანა რამდენჯერმე შეიცვალეს.  ბოლოს კი ერთ-ერთის ახლობლის სახლში წინწყაროში ჩავიდნენ,  ახალგაზრდები იქ მხოლოდ რამდენიმე საათი გაჩერდნენ. აგიევის მკვლელობიდან მალევე წინწყაროში სამართალდამცავებმა ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარეს, იქ მყოფი ახალგაზრდები კი განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. მალევე პოლიციამ აგიევის განზრახ მკვლელობის ბრალდებით სანდრო პაკელიანი დააკავა. მის მეგობრებს კი საქმეში ამ დრომდე მოწმის სტატუსი აქვთ. 

სანდრო პაკელიანს არ უსაუბრია მოტივზე, რის გამოც უბნელი სასიკვდილოდ გაიმეტა. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. დანაშაულის ჩადენის მოტივი არც მისი ადვოკატისთვისაა ცნობილი, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ მიზეზი ახალგაზრდებს შორის წარსულში დაწყებული კონფლიქტია. 

ადვოკატის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს აგიევის დედა და ამტკიცებს, რომ სანდრო პაკელიანი ყოველთვის მოძალადე იყო. 

გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის იმაზეც რასაც მოკლულის დედა და ბრალდებულის ადვოკატი ამტკიცებენ, თუმცა  საქმის პროკურორის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე უკვე  დადგენილია რომ ეს შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობაა. 

მოკლული ახალგაზრდის დედა იხსენებს, რომ მისი შვილი 2021 წელსაც დაჭრეს. მისი მონაყოლით მაშინაც ოთხნი იყვნენ, მათ შორის ბრალდებული სანდრო პაკელიანიც. დედა დარწმუნებულია, რომ 3 წლის წინ მისი შვილი შემთხვევით გადარჩა. მომხდარის შესახებ იცის სანდრო პაკელიანის ადვოკატმაც, თუმცა ამტკიცებს, რომ მაშინ დაპირისპირება ნიკიტა აგიევის ინიციატივით მოხდა. გამოძიება მაშინაც დაიწყო თუმცა ახალგაზრდებმა მომხდარის შესახებ პოლიციას ფაქტობრივად არაფერი უთხრეს და შესაბამისად პასუხისგებაშიც მტკიცებულების არარსებობის გამო არავინ მიეცა.

ბრალდებულის უფლებადამცველისთვის საქმეში ერთი გაურკვევლობაა. დიმიტრი მჭედლიშვილი ამტკიცებს, რომ პროკურატურას ამ დრომდე არ დაუდგენია პირი, რომელიც შემთხვევამდე და მანამდეც ნიკიტა აგივთან იმყოფება. ის ჩანს სათვალთვალო კამერის ჩანაწერშიც.  ადვოკატი მიიჩნევს, რომ უცნობ ახალგაზრდას მომხდარზე შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდეს.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი