ტრაპეზი რესტორან "ქალაქურში". ბერი ექვთიმეს სასულიერო ჯილდომ ერი და ბერი გააერთიანა. ერთ მაგიდასთან პოლიტიკოსებთან ერთად, საპატრიარქოს წარმომადგენლები ისხდნენ. სტუმრების სიაში ოცნების გუნდის მაღალჩინოსნებთან ერთად მოწინავე ადგილი ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტს ეკავა. მეუფე იოანეს ადგილიც საგანგებოდ შეურჩიეს- ადგილობრივი ხელისუფლების გვერდით.
საპატიო სტუმრების ჩამონათვალში ქართული ოცნების დეპუტაციის გარდა, ბიძინა ივანიშვილის კარზე მიღებული სხვა პირებიც იმყოფებოდნენ. თამაზ მეჭიაური ერთ-ერთი იყო რომელიც საპატიო ტრაპეზზე მიიწვიეს. პოლიტიკური მრავალფეროვნების მიუხედავად დღეს მეჭიაური ამბობს რომ სუფრაზე მხოლოდ მეგობრის სტატუსით იყო, თუმცა ადვილი მისახვედრია რომ დახურულ ტრაპეზზე პოლიტიკას გვერდს ვერ აუვლიდნენ. ნაბახუსევს ოცნების ყოფილ წევრს ამ თემაზე საუბარი აღარ სურს.
არჩევნების წინ მსგავსი საერო და სასულიერო პირების ტრაპეზი ხშირად სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის იშლება. მით უფრო მაშინ როცა ოლიგარქის გარემოცვა მოსახლეობის გულის მოგებას სწორედ კენჭისყრის წინ ცდილობს. ვისაც განსაკუთრებული მენიუთი ვერ მოხიბლავენ, მათთვის კანონიერ გზებს ეძებენ. მმართველი გუნდის ახალი კანონპროექტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინდექსის წევრებმა ოცნების დეპუტატების ინიციატივა კანონსაწინააღმდეგო ქმედებად შეაფასეს. ამჯერად მილიონ ნახევარ ლარს ბიუჯეტის ხარჯზე სწორედ ამომრჩევლის მოსასყიდად თმობენ.
"ოცნების" დეპუტაციას არჩევნებამდე თვენახევრით ადრე გაახსენდა, რომ სოციალურად დაუცველ, პენსიონერ და შემწეობის მიმღებ მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ. კანონპროექტის მიხედვით სწორედ ეს ადამიანები გათავისუფლდებიან ბიუჯეტის მიმართ პასუხისმგბელობისგან, ვისაც წინასწარ აქვთ აღებული ფულადი დახმარება. ოპოზიციაში ოლიგარქის ჩანაფიქრს უკვე უწოდეს არადემოკრატიული სვლა.
ერთი შეხედვით სოციალური პროექტი არ მოსწონთ ქართული ოცნების ყოფილ მხარდამჭერებსაც. ეკა ბესელია რომელიც გასულ არჩევნებზე, მსგავს სოციალურ ინიციატივებს მხარს უჭერდა, დღეს ამბობს რომ მმართველი უმრავლესობა პოლიტიკურ პარტიებს არათანაბარ პირობებში აყენებს, მით უფრო მაშინ როცა ამომრჩევლის მოსყიდვა, არა ოლიგარქის ფულით, არამედ ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე უნდა მოხდეს.
საკანონდებლო ინიციატივაზე დღეს ღიად ოცნების დეპუტატები არ საუბრობენ. ერთადერთი ვინც კომენტარს არ მორიდებია თეა წულუკიანია. იუსტიციის მინისტრი ამბობს რომ კანონპროექტის ანალიზს გააკეთებს და ამის შემდეგ იტყვის არის თუ არა მიზანი ამომრჩევლის მოსყიდვა.
სოციალური პროექტის სახელით ამომრჩევლის მოსყიდვის ერთ პირველი შემთხვევა არ არის. გასულ არჩევნებზე საბანკო სესხების ჩამოწერით ოცნების გუნდმა საკუთარ გამარჯვებას საბოლოოდ დაუსვა წერტილი, ახლაც ახალი კანონპროექტი ყველა იმ მოქალაქეს უნდა შეეხოს ვინც 2020 წლის 20 ივლისამდე პენსია ან სოციალური დახმარება წინასწარ აიღო და უკან ეტაპობრივად უნდა დაებრუნებინა.
კანონპროექტის ავტორი ასეთ მოქალაქეებს ამ ვალდებულების შესრულებას პატიობს, რაც საერთო ჯამში ბიუჯეტს მილიონ ნახევარ ლარზე მეტის დათმობა მოუწევს.