"სოხუმის აეროპორტი პირველ საცდელ რეისს რუსეთიდან წელს მიიღებს" | რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო

გამოქვეყნდა:

"აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროექტში ინვესტიციები 12 მილიარდ რუბლს შეადგენს, პირველი საცდელი რეისი რუსეთიდან სოხუმის აეროპორტში 2024 წელს იგეგმება" - ნათქვამია რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სამინისტრომ განცხადება "აფხაზური დელეგაციის ვიზიტის" შემდეგ გავრცელა. 

„2024 წელს, საბიუჯეტო წყაროებთან ერთად, საინვესტიციო კაპიტალი პროპორციულად მიიღებს მონაწილეობას რესპუბლიკის განვითარებაში. ერთობლივი მოქმედებების წყალობით, მხარეებმა დაიწყეს საინვესტიციო პროექტის განხორციელება აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მიზნით. ინვესტიციების მოცულობის პროექტი 12 მილიარდ რუბლზე მეტია, წელს ველოდებით პირველ საცდელ რეისს რუსეთიდან სოხუმის რეკონსტრუქციულ აეროპორტში“, - განაცხადა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა.

ვოლვაჩის თქმით, 2024 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან "რესპუბლიკისთვის" ფინანსური დახმარების მოცულობა 5,6 მილიარდ რუბლს შეადგენს. 

ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმს, აფხაზეთის ომიდან მოყოლებული, 30 წელია სურს აამოქმედოს სოხუმის აეროპორტი. მას შემდეგ, რაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ოკუპირებული სოხუმის აეროპორტი რუსი ინვესტორისთვის გადაეცა, მშენებლობა აქტიურად დაიწყო.

თებერვალში ცნობილი გახდა, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე ძველი შენობების დემონტაჟი დაიწყეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი