საკრებულოს მაჟორიტარის არჩევნების მე-2 ტურის გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება | TI

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" "ქართული ოცნების" მიერ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება და ამბობს, რომ საკრებულოს მაჟორიტარის არჩევნების მე-2 ტურის გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

როგორც TI წერს, ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესებას და საკუთარ თავზე მორგებას. ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, რომ არ მიიღოს ინიცირებული კანონპროექტი.

"მიმდინარე წლის 20 მარტს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა პარლამენტს მიმართეს საარჩევნო კოდექსში ცვლილების ინიციატივით, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევად დადგენილი მინიმალური 40%-იანი ბარიერის გაუქმებას ითვალისწინებს. ცვლილების მიღების შემთხვევაში საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები აღარ იარსებებს, რაც ზრდის ამომრჩეველთა ხმების დაკარგვის რისკს და არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს უკარგავს შანსს, რომ მეორე ტურში მხარი ერთიან ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭირონ.

კანონის მოქმედი რედაქციით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე კანდიდატის საკრებულოს წევრად არჩეულად ითვლება მაშინ, როდესაც ის მიიღებს კონკურენტებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ ხმების 40%-ისა. იმ შემთხვევაში თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს 40%-იან ბარიერს, ინიშნება მეორე ტური. აღნიშნული ბარიერი საარჩევნო კოდექსში 2021 წელს დაწესდა.

წარმოდგენილი ცვლილება ასევე ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ საკრებულოს წევრად არჩეულ იქნეს კანდიდატი, რომლის წინააღმდეგაც უფრო მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ვიდრე მის მხარდასაჭერად. საბოლოო ჯამში, იზრდება საფრთხე იმისა, რომ ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნება ადეკვატურად არ აისახოს  მანდატებში. 

ამრიგად, წარმოდგენილი ცვლილება აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯია, რაც ასევე ასახავს საერთო ტენდენციას, რომელიც უკანასკნელ წლებში, არჩევნებთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების საკანონმდებლო პოლიტიკაში შეინიშნება. კერძოდ, ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესებას და საკუთარ თავზე მორგებას. საილუსტრაციოდ, საკმარისია გავიხსენოთ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით ახლახანს მიღებული ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში, რომლებიც მთლიანად უგულებელყოფს ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციებს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პარლამენტს არ მიიღოს ინიცირებული კანონპროექტი," - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნახეთ:

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი