იმერეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ერთ-ერთი ინფიცირებული შუახნის კაცი ქუთაისის მცხოვრებია, რომელიც სამსახურეობრივი მივლინებით აჭარაში იმყოფებოდა. მისი კონტაქტების ნაწილს ანალიზი უკვე ჩაუტარდა და პასუხები უარყოფითია.
მეორე ინფიცირებულს ვირუსი წყალტუბოს საკარანტინე ზონაში დაუდასტურდა. მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ამბობენ, რომ ადგილები აღარ აქვთ და პაციენტები ვერ მიიღეს. ამიტომ ისინი, სავარაუდოდ, ზუგდიდში გადაიყვანეს.
მესამე ინფიცირებულს ვირუსი საჩხერეში დაუდასტურდა. ინფორმაცია საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ გაავრცელა. ქამუშაძის თქმით, ახალგაზრდა კაცს ვირუსი წუხელ დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საჩხერის სამედიცინო ცენტრში, ამ დროისთვის, კორონავირუსის დიაგნოზით 20 პაციენტია მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ახალი შემთხვევებიდან 23 აჭარას უკავშირდება, რის გამოც რეგიონი წითელ ზონად გამოცხადდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 896 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.