საქართველოს მთავრობის საიდუმლო მრჩევლები - მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთიდან დაბრუნებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში 4 წლის განმავლობაში მუშაობდა მრჩევლის თანამდებობაზე, პარლამენტის დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ მინისტრთა კაბინეტიდან ოფიციალურად გამოითხოვა სტატისტიკა, ვინ და რა ანაზღაურების სანაცვლოდ მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში მრჩევლის თანამდებობაზე.
ინფორმაციას პრემიერიც და სამინისტროებიც მალავენ. ერთადერთი ვინც თქვა, რომ 2 მრჩეველი ყავს და თითოეულს თითქმის 10 000 ლარიანს ხელფასს უხდის, ეკონომიკის სამინისტროა, თუმცა ვინ არიან ეს მრჩევლები და რაში იღებენ ანაზღაურებას, უწყება ინფორმაციას აღარ ასაჯაროებს. სხვა სამინისტროები კი საჯარო ინფორმაციას საერთოდ მალავენ.
"ჩვენ მივწერეთ ყველა მინისტრს, მას შემდეგ რაც ხიდაშელზე ინფორმაცია გახდა ცნობილი და მივიღეთ რამდენიმე მინისტრისგან ჯერჯერობით პასუხი. ეკონომიკის მინისტრმა მოგვწერა, რომ დაახლოებით 2 ადამიანი ჰყავს მრჩევლად და 10 000 ლარი აქვთ სარგო. არ ვიცით ვინ არიან, რას აკეთებენ , რა ფუნქციები აქვთ. არ ასაჯაროებენ სახელს და გვარებს და რეალურად ეს არის ზუსტად ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ანგარიშვალდებულება არ არსებობს. ვისაც უნდათ იმას ნიშნავენ " ამბობს ხატია დეკანოიძე.
კანონით, მრჩეველი არ არის საჯარო მოხელე და არ აქვს ვალდებულება საჯარო დეკლარაცია შეავსოს. ოპოზიციაში და მესამე სექტორში ამბობენ, რომ ეს ხარვეზია და აპირებენ დააინიცირონ ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უნდა გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომლებიც ვალდებულნი იქნებიან საჯარო დეკლარაცია შეავსონ და ამ სიაში მოხვდებიან მინისტრების მრჩევლებიც.