
Freedom House "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ უკან გაიწვიოს ხელახლა ინიცირებული "რუსული კანონი."
საერთაშორისო ორგანიზაციის თქმით, ამ კანონპროექტის მიღება ევროინტეგრაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება:
"ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის ხელახალი ინიციირებით. თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც მსგავსი კანონმდებლობა საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ გაიწვიეს.
"უცხოელი აგენტების" შესახებ კანონი, მიღების შემთხვევაში, საქართველოს რუსეთსა და ყირგიზეთთან დააკავშირებს - ავტოკრატიებთან, რომლებიც სისტემურად მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე. ეს იქნება დემოკრატიაზე ორიენტირებული ევროპული ინტეგრაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯი. მოვუწოდებთ პარტია "ქართულ ოცნებას," დაუყოვნებლივ გაიწვიოს წარდგენილი კანონი," - წერს Freedom House X-ზე.
3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონის" დაბრუნება გადაწყვიტა. უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია" იქნება, ნაცვლად "უცხოური გავლენის აგენტისა." მდინარაძის თქმით, ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.
ცნობისთვის, "ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.
პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა "რუსული კანონი" უკან გაეწვია და ჩაეგდო. მაშინ "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა - "ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის", თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება.
ასევე ნახეთ: