სენატორები "რუსულ კანონზე": მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარყოს ეს წინადადება

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის წარმომადგენელი, სენატორი ჯიმ რიში და ევროპასთან თანამშრომლობის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ სენატორებმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც საქართველოს მთავრობამ ხელახლა დაარეგისტრირა "რუსული სტილის კანონი უცხოელ აგენტებზე".

"წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელია საქართველოს მთავრობის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის დაბრუნება. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ყოფს ქვეყანას. ის მსგავსია იმ კანონებისა, რომლებსაც რუსეთი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად. საქართველოში დემოკრატიულ ხელისუფლებას ამის მიზეზი არ უნდა ჰქონდეს. 

ქართველმა ხალხმა 2023 წლის მარტში მასობრივი დემონსტრაციებით უარყო ეს შემოთავაზებული კანონი. ეს კანონპროექტი არა მხოლოდ არასწორი მიმართულებით წაიყვანს პოლიტიკურ პროცესს, არამედ ზიანს მიაყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციასა და მის მომავალს ევროკავშირში.

ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები გადამწყვეტი მაჩვენებელი იქნება საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარყოს ეს წინადადება", - ნათქვამია განცხადებაში.

რა ხდება: 

"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში 3 აპრილს "რუსული კანონი" ოფიციალურად დაარეგისტრირა. მანამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ხელახლა წარადგენდნენ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", მისივე თქმით, ტექსტი სრულად მსგავსია გასული წის მარტში ინიცირებული კანონის ტექსტისა, განსხვავება მხოლოდ ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" იქნება, რომელიც ჩანაცვლდება - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით". მდინარაძე ამბობს, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული.

ცნობისთვის, "ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.

პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. მაშინ "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა - "ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის", თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, "ოცნებამ" პირობა ისევ დაარღვია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი